საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 7 ივნისის მთავრობის სხდომა

2011 წლის 7 ივნისის მთავრობის სხდომა 2011 წლის 7 ივნისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 48 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სტიქიური მოვლენების შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ ნიკა გილაურის სიტყვას:

„მოგესალმებით. დღევანდელი მთავრობის სხდომის განხილვის ერთერთი მთავარი საკითხი სტიქია იქნება. გადაუღებელმა წვიმებმა აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებს, რეგიონებს საგრძნობი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით მცხეთა-მთიანეთს და კახეთს. დაზაინებულია ხიდები, გზები.

სპეციალური ჯგუფები ადგილზე გაგზავნილია. მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, დათვლა, უკვე 600 ათასი ლარია გამოყოფილი. თუ საჭირო იქნება, მეტ თანხას გამოვყოფთ. დაწყებულია საპროექტო სამუშაოები, ზოგან დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები.

ბატონო ჯამბულ, ორიოდე სიტყვით გვითხარით მიმდინარე სამუშაოების შესახებ. რომელი რეგიონებია განსაკუთრებულად დაზიანებული და რა არის კიდევ საჭირო, რომ გაკეთდეს ჩვენს მიერ?"

ჯამბულ ბაკურაძე: „ძირითადად, ბატონო პრემიერ-მინისტრო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, დაზარალებულია კახეთის რეგიონი: ძირითადი დარტყმა საგარეჯოში, გუირჯაანში, თელავში, ახმეტაში იყო; მცხეთა-მთიანეთში პრაქტიკულად, ყაზბეგის გარდა, ყველგან. ძალიან დაზიანდა დუშეთის რაიონი, მთიანეთი. ქვემო ქართლში - დმანისის რაიონი, მაღალმთიანი სოფლები.

დაზიანება ერთი და იგივე სახიათისაა. ზვავები და მეწყერული წარმონაქმნები არ შეიმჩნევა. ხიდებია წაღებული, გზის სავალი ნაწილი ჩახერგილი, დაზიანებულია კახეთის რეგიონში სავარგულები, ვენახსაც მიადგა ზიანი. პირველი ეტაპის სტიქიური ზარალი დაახლოებით დათვლილი გვაქვს.

600 ათასი ლარია გამოყოფილი. დათვლილი გვაქვს, ბატონო ნიკა, ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ მთავარი მაგისტრალები გაწიმინდოს. კვირის ბოლომდე ყველა ხიდს აღვადგენთ, გზები იქნება გაწმენდილი. რაც მთავარია, წაღებულია წყლის სათავე ნაგებობები და კვირის ბოლომდე აბსოლუტურად ყველას წყლის მიწოდება აღუდგება.

გუდამაყარი ჩაკეტილია, საგზაო დეპარტამენტი მობილიზებულია. უნდა გითხრათ, რომ თუ არა ის მძიმე ტექნიკა, რომელიც მხარეებს მივეცით, ზარალი იქნებოდა გაცილებით უფრო მეტი.

მობილიზებულია როგორც საგზაო დეპარტამენტი, ასევე სამაშველო სამსახური. მსხვერპლი არ არის. დიდი წყალი ღამე მოვარდა. დუშეთის სოფელ ანანურში, ცენტრალურ მაგისტრალზე არაგვის სიდიდის წყალი მოდიოდა."

ნიკა გილაური: „რამდენ ხანში გვეცოდინება, ბატონო ჯამბულ, გუშინდელი ღამის ზარალი?"

ჯამბულ ბაკურაძე: „საღამოს იმ თანხას მოგახსენებთ, რომელიც საკმარისი იქნება  კვირის ბოლომდე პრობლემების მოსაგვარებლად."

ნიკა გილაური: „ფინანსთა სამინისტროს უკვე დაევალა, რომ შესაბამისი თანხა გამოიყოს და უახლოეს დღეებში ის პრობლემები, რაც შექმნილია რაიონებში ხიდებთან დაკავშირებით, გზებთნ დაკავშირებით იყოს სრულად აღმოფხვრილი."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური