საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 28 აპრილის მთავრობის სხდომა

2011 წლის 28 აპრილის  მთავრობის სხდომა2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 51 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ახალ ინიციატივაზე ისაუბრა.

„აღვნიშნავდი რამოდენიმე საკითხს, რომელიც განსაკუთრებით დააინტერესებს საზოგადოებას. ერთი საკითი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეორე - განათლების სამინისტროს ინიციატივას და მართვის მოწმობებს ეხება. გვაქვს ინიციატვია შევამციროთ ასაკი, რომლიდანაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მართვის მოწმობა აიღონ. სკოლაშიც ამ მიმართულებით გვინდა სწავლება შემოვიტანოთ, რათა სკოლის მოსწავლეებს ბოლო კლასებში მართვის დაუფლება და მართვის მოწმობის აღება შეძლონ," - განაცხადა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ივანე მერაბიშვილს და განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.
გთავაზობთ ივანე ბერაბიშვილის და დიმიტრი შაშკინის სიტყვას.

ივანე მერაბიშვილი: "ჩვენი და განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა ითვალისწინებს 17 წლიდან ახალგაზრდებისთვის A და B კატეგორიების მართვის მოწმობების გაცემას. მსოფლიოში მხოლოდ რამოდენიმე ქვეყანაში - ამერიკის ზოგიერთ შტატში, გერმანიაში არის ასეთი პრაქტიკა. რეგიონში ასეთი პრაქტიკა არ არის, ამ მიმართულებითაც მოწინავეები გვინდა ვიყოთ და გადავწყვიტეთ, რომ ასეთი რამ შემოვიღოთ.
გარკვეული წესები და შეზღუდვები იქნება. აუცილებლად უნდა იყოს მშობლის ნებართვა, მეორე - ეს არ უნდა იყოს მგზავრთა გადამყვანი და არ უნდა იყოს პროფესიონალი, დასაქმებული ამ სფეროში. უნდა იყოს მოყვარული ავტომფლობელი. აგრეთვე, 18 წლის ასაკი რომ შეუსრულდება, ის ვალდებულია გამოცვალოს მართვის მოწმობა, ეს ავტომატურად მოხდება, რადგანაც საერთაშორისო პრაქტიკით ყველა 18 წლის მართვის მოწმობები საერთაშორისოდ არის აღიარებული. აგრეთვე გარკვეული დარღვევების დაგროვების შემთხვევაში მათ ჩამოერთმევათ მართვის მოწმობა და გადაუვადდებათ სხვადასხვა ვადით გარკვეულ დარღვევებზე.

გვაქვს განათლების სამინისტროსთან ერთად ასეთი ინიციატივა. ეს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სკოლაში გაივლიან სწავლებას და განათლების სამინისტროდან მოიტანენ ჩვენს სააგენტოში ე.წ. ჩათვლის ცნობას, რომ მათ გავლილი აქვთ ეს კურსები, პირველი მცდელობა იქნება უფასო და ამას დააფინანსებს შსს-ს მომსახურების სააგენტო. პირველი გამოცდა და მართვის მოწმობა იქნება უფასო და საქართველოს სახელმწიფოს საჩუქარი ამ ახალგაზრდებს. იმედი მაქვს, რომ ეს წაახალისებს ჩვენს სკოლებში მოძრაობის წესების ცოდნას და საქართველოს გზები და ქალაქები დაემსგავსება ქალაქებს, სადაც ყველა მძღოლმა კარგად იცის მანქანის მართვა. გვინდა მივცეთ ახალგაზრდებს შანსი, რომ ჩადგნენ ჩეულებრივი ცხოვრების კალაპოტში უფრო ადრეულ ასაკში და შეიტანონ თავისი წვლილი ჩვენი ქვეყნის, როგორც ნორმალური ქვეყნის ჩამოყალიბებაში. იმედია, ეს ექსპერიმენტი გაამართლებს."

დიმიტრი შაშკინი: „ჩვენ შევქმენით ერთობლივი კომისია. განათლების სამინისტროს თანამშრომლები-ექსპერტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის აკადემიის, საგენტოს ექსპერტები შედიან ამ ჯგუფში. ზაფხულის პერიოდში სპეციალური სახელმძღვანელოები მომზადდება, რომლებსაც სკოლებში დავარიგებთ. მომზადდება სპეციალური ლიტერატურა, რომელიც დაეხმარება მე-11 კლასელებს, რომ უკეთესად ისწავლონ თეორიული ნაწილი მართვის. 2011 წლის 15 სექტემბრიდან ყველა საჯარო სკოლაში იქნება ეს საგანი. მასწავლებლებს გადაამზადებს პოლიციის აკადემია. ჩვენ მივცემთ ჩათვლას, ამ ჩათვლით, როგორც ბატონმა ვანომ (მერაბიშვილი) აღნიშნა, ისინი მივლენ სააგენტოში და უფასოდ მიიღებენ მართვის მოწმობას, რაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება ამ ახალგაზრდებისთვის."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური