საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 21 მარტის მთავრობის სხდომა

2011 წლის 21 მარტის მთავრობის სხდომა 2011 წლის 21 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 18 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს სიმინდის და ხორბლის პროგრამების მიმდინარეობის და სასოფლო-სამეურნეოს საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

„სიმინდის პროგრამაზე უკვე 35 ათასზე მეტი ფერმერია დარეგისტრირებული. პროგრამები წარმატებულად მიმდინარეობს, საგაზაფხულო სამუშაოები იწყება. ყველა რეგიონში არის შესაბამისი საწყობი, საინადაც გაიცემა სათესლე მასალა. რეგიონებში სათესლე მასალის დარიგება უკვე აქტიურად მიმდინარეობს...დარიგება დასრულდება 10 აპრილისთვის, პარალელურ რეჟიმში დაიწყება თესვა, ზოგიერთ რეგიონში კი უკვე დაიწყო. 15 აპრილისთვის გვექნება გარკვეული შედეგები იმის შესახებ, თუ რა ფართობზე დაითესება წელს ჰიბრიდული სიმინდი. მინდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთ რეგიონში უკვე მიმდინარეობს სარწყავი არხების მოწესრიგება. ეს საგაზაფხულო სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგანაც არის გარკვეული პრობლემები, განსაკუთრებით კახეთში და ქვემო ქართლის რეგიონში. სარწყავი სეზონის დაწყებამდე ეს სამუშაოები დასრულდება და უპრობლემოთ მოხდება მათი ექსპლუატაცია. ასევე მნიშვნელოვანია, ხორბლის პროგრამის შედეგები. ის სათესლე მასალა, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე შემოვიტანეთ, დაითესა 10 ათას ჰექტარზე. ამ მომენტისთვის ძალიან კარგი შედეგები აქვს. ზაფხულში უკვე გვექნება მოსავალი და ამ პროექტის შედეგების შეჯამების საშუალება. პროგრამა მომართულია იმისთვის, რომ შევძლოთ 35%-ი ადგილობრივი მომხმარებლის დაკმაყოფილება ადგილობრივი ნაწარმით. აქამდე მაქსიმალური შედეგები იყო 15%-ი. ჩვენი მიზანია, რომ 2012 წლისთვის 35%-ი ადგილობრივი მოხმარების გვქონდეს. სიმინდის შემთხვევაში 75%-ს ადგილობრივად ვაწარმოებდით, მაგრამ წელს შედეგად 1 მლნ 25 ათასი ტონის ექსპორტი გვექნება," - აღნიშნა ბაკურ კვეზერელმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
პრემიერ-მინისტრმს ენერგეტიკის მინისტრს ალეკო ხეთაგურს ენგურჰესზე არსებული ვითარების დეტალების მიწოდება სთხოვა.

„მოგეხსენებათ, რომ 10 დღის განმავლობაში ენგურჰესი საერთოდ გათიშული იყო. მიმდინარეობდა წყალსადენზე საკეტის რემონტი. პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, როდესაც გათიშული ენგურჰესით ენერგიის ექსპორტს განვაგრძობდით და საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის შეზღუდვა არსად არ არსებობდა. 2 დღის წინ ჩავრთეთ „ენგური" ისევ სისტემაში, გამოიმუშავებს დაახლოებით 350 მეგავატს. ამ წუთის მდგომარეობით, გავაჩერეთ ორი თბოსადგური და გადავდივართ ზაფხულის რეჟიმზე. მთლიანად მთელი საქართველოს ტერიტორია მარაგდება ელექტროენერგიით უწყვეტად და გაიზრდება ექსპორტის მოცულობა.

ენგურის გაჩერების პერიოდში ოთხივე თბოსადგური სრული დატვირთვით მუშაობდა, ამ წუთებში მხოლოდ მე-9 ენერგობლოკია მიერთებული, დანარჩენი სამი გათიშულია. ამ ეტაპზე აზერბაიჯანის მიმართულებით ვაწარმოებთ ექსპორტს, ხაზებზე რემონტი მიმდინარეობს და აპრილის პირველი რიცხვებიდან თურქეთის ექსპორტიც ჩაირთვება," - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური