საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 26 იანვრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 26 იანვრის მთავრობის სხდომა 2011 წლის 26 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 44 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართევლოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით. მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე, საზოგადოებას ბიზნეს ომბუდსმენის სტატუსის შესახებ ინფორმაცია მინდა მივაწოდო. მოგეხსენებათ, რამოდენიმე თვის წინ ახალი ეკონომიკური კურსის შესახებ გამოვაცხადეთ. ეს გულისხმობს მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს მხრიდან კერძო სექტორთან კიდევ უფრო მჭიდრო, უფრო ტრანსპარენტულ თანამშრომლობას. შესაბამისი ინფრასტრუქტურა დავასრულეთ. დეკემბერში თბილისის გეზ-ი გაიხსნა. ორიოდე დღის წინ ადლიაში პრეზიდენტმა იგივე ინფრასტრუქტურა გახსნა. ფოთში შესაბამისი პუნქტი, ეკონომიკური ზონა სრულდება და თებერვალში გაიხსნება. ახალი საგადასახადო კოდექსი 1 იანვრიდან ძალაში შევიდა. მის მიხედვით პრემიერ-მინისტრის ვალდებულებაა დანიშნოს, საზოგადოებას ბიზნეს ომბუდსმენი წარუდგინოს. მთავრობის სხდომაზე ამ საკითხის განხილვა გვექნება. იდეა არის, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ ბიზნეს ომბუდსმენის უფლებამოსილებები და ვალდებულებები, უფრო აქტიური იყოს ის დავების საბჭოს ინფრასტრუქტურაში, დავების საბჭოს სისტემაში, რათა უფრო გაუმარტივდეს ბიზნეს ომბუდსმენს კერძო სექტორის ინტერესების დაცვა. ეს იქნება დღევანდელი მთავრობის სხდომის ერთერთი განხილვის საკითხი.

გარდა ამისა მინდა გითხრათ, რომ დღეს კერძო სექტორის წარმომადგენლებს ვხვდები. მათთანაც მინდა გავიარო კონსულტაციები, განვიხილო კანდიდატურები, განვიხილო ის ვარიანტები, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ დღეს. ანუ როგორ შეიძლება ბიზნეს ომბუდსმენი კიდევ უფრო აქტიური იყოს და კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელოს მან კერძო სექტორის ინტერესების დაცვა. რათა ახალი კურსი უბრალო სიტყვები კი არ იყოს, არამედ რეალურად ყველა ბიზნესმენმა, ყველა ინვესტორმა იგრძნოს სახელმწიფოს მხარდაჭერა და ურთიერთობები უფრო გაუმჯობესდეს.

ახალი კოდექსი შევიდა ძალაში 1 იანვრიდან. დარწმუნებული ვარ - გარკვეული ხარვეზები იქნება, ხარვეზებს პრაქტიკა აჩვენებს. შეუძლებელი იქნებოდა ამ ხარვეზების შესახებ თავიდანვე გვცოდნოდა. ჯერჯერობით კერძო სექტორისგან მომართვა არ გვაქვს. ვთხოვ ყველას მოგვმართონ როგორც მთავრობას, ასევე ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნეს ომბუდსმენს, რომელსაც წარვადგენ უახლოესი 3-4 დღის განმავლობაში."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური