საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2011 წლის სხდომები

2011 წლის 5 იანვრის მთავრობის სხდომა

2011 წლის 5 იანვრის მთავრობის სხდომა2011 წლის 5 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 20 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოს მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა და რამოდენიმე საკითხზე ყურადღება გაამახვილა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„დღეს 2011 წლის პირველი მთავრობის სხდომაა. მთავრობის სახელით მთელს საქართველოს ახალი წელი, დამდეგი შობის ბრწყინვალე დღესასწაული მინდა მივულოცო და ყველას წარმატებები ვუსურვო.

2010 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით რთული, თუმცა საკმაოდ წარმატებული იყო. წლის ეკონომიკური ზრდა ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ამას ვვარაუდობდით ჩვენ და საერთაშორისო ექსპერტები. თუმცა ინფლაციური ზეწოლა და ინფლაციური წნეხიც მაღალი იყო, რამაც გარკვეული უარყოფითი ეფექტი იქონია საზოგადოებაზე და ეკონომიკაზე.

2010 წელს ჩვენი მთავარი ფოკუსი იყო განათლება, ჯანდაცვის სექტორი და ახალი ეკონომიკური კურსი. იგივე იქნება მთავრობის მთავარი ფოკუსი 2011 წელსაც. ეს მიმართულებებია: განათლება, ჯანდაცვა და ახალი ეკონომიკური კურსი, რომლის შესახებ საზოგადოებას განუცხადეთ რამოდენიმე კვირის წინ. ეს იქნება მთავარი მიმართულებები, რომლებზეც ვიმუშავებთ 2011 წელს.

ამასთან დაკავშირებით მინდა ხაზი გავუსვა ერთ ფაქტორს, 1 იანვრიდან შევიდა ძალაში ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც დაწერილია კერძო სექტორთან ერთად, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით. მინდა ყველას ვთხოვო, თუ ახალ საგადასახადო კოდექსთან რაიმე ხარვეზი ან პრობლემა იქნება, დაუკავშირდით ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, პრემიერ-მინისტრის აპარატს, სადაც არის ბიზნეს ობბუდსმენი და შევეცდებით თუ რამე ხარვეზია, უახლოეს პერიოდში გამოვასწოროთ.

ეს არის ჩვენი ახალი მიმართულება, ახალი კურსი, სადაც მინდა კერძო სექტორმა და შემოსავლების სამსახურმა, კერძო სექტორმა და ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ახლოს ითანამშრომლოს ერთმანეთთან.

იმედი გვაქვს, რომ ახალი კურსი შედეგს გამოიღებს და ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნება 2011 წელს, ვიდრე ეს პროგნოზირებული გვაქვს."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური