Fitch Ratings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაზარდა. ამოსაბეჭდი ვერსია

  Fitch Ratings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაზარდა.2011 წლის 15 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings" მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის ერთი საფეხურით გაზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

„მოგესალმებით. დღეს მსოფლიოში სამი საერთაშორისო სააგენტოა, რომელიც ქვეყნის კრედიტუნარიანობას სწავლობს და აფასებს. ეს სააგენტოებია: Standard&Poor's-ი, Fitch-ი და Moody's-ი. რამოდენიმე თვის წინ სამივე საქართველოში იმყოფებოდა.

მოგეხსენებათ, Standard&Poor's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი B+-დან BB--ზე აამაღლა. ერთი საათის წინ ზუსტად იგივე მონაცემი გამოაქვეყნა Fitch-მა, რომელიც ჩამოსული იყო საქართველოში რამოდენიმე კვირის წინ. მათ შეისწავლეს ქვეყნის ეკონომიკა, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური პრობლემები, საქართველოში გატარებული რეფორმები. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანას, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებს შეუმცირეს რეიტინგები, Fitch-ის კვლევის შედეგად საქართველოს გაუზარდეს რეიტინგი B+-დან BB--ზე, რამაც Standard&Poor's-ის საწყისი შეფასება დაადასტურა.

Fitch-ის მიერ ჩატარებულ ახალ კვლევაში ნათქვამია: „ძირითადი მიღწევა დაკავშირებულია იმასთან, რომ მთავრობამ წარმატებით მოახდინა საბიუჯეტო დეფიციტის სწრაფად შემცირება. საგარეო ვალის
კლების ტენდენცია და შეღავათიანი პირობები აქვს, რეფორმებმა გამოიღო ნაყოფი, ინვესტირება ხდება ინფრასტრუქტურაში, ექსპორტი დივერსიფიცირებულია, ბიზნეს-კლიმატი ხელშესაწყობია ინვესტორებისთვის."   Fitch Ratings-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი გაზარდა.

ეს არის საქართველოს დამატებითი რეკლამა მათთვის, ვინც ახალ საინვესტიციო ადგილებს ეძებს.

ქართველ ბიზნესმენებს, კერძო სექტორს, მთავრობის წარმომადგენლებს ეს მიღწევა მინდა მივულოცო. იმ ეკონომიკური პრობლემების ფონზე, რომელიც მსოფლიოში, ევროპაში და აზიურ ქვეყნებშია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ავტორიტეტული სააგენტოები, როგორიც Fitch-ი და Standard&Poor's-ია ხაზს უსვამენ ჩვენს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, იმ ფაქტს, რომ მთავრობამ ძალიან კარგად შეძლო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. ხაზს უსვამენ საგარეო ვალის დაბალ მაჩვენებელს და ამით ეპატიჟებიან ახალ ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში.

ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს მსოფლიოსგან დამატებით ინვესტიციებს უნდა ველოდოთ. მსოფლიოში ძალიან დიდი საინვესტიციო ფულია, რომელიც ეძებს ახალ ბაზრებს, რომელიც არ მიდის მაკროეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნებში. ახალი ბაზარი შეიძლება საქართველო იყოს, რომელსაც ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი ჯანსაღ და კარგ მდგომარეობაში აქვს.

მაკროპარამეტრები და აღიარება Standard&Poor's-ის და Fitch-ისგან, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ის მიღწევებია, რომლის შედეგად მომავალ წელს შეგვიძლია ველოდოთ კარგ ეკონომიკურ ზრდას, ახალი სამუშო ადგილების შექმნას, უმუშევრობის შემცირებას და საქართველოში ახალი ინვესტიციების გაჩენას.

ეს შეფასება ნიშნავს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკა და გეოპოლიტიკა არის უფრო კაგრ მდგომარეობაში, ვიდრე გასულ წელს, რომ ქვეყანას ქართულ კომპანიებს გაუიაფდება საკრედიტო რესურსი. თუ საქართველოს დაჭირდა დამატებითი საკრედიტო რესურსის მოძებნა, ეს რესურსი ბევრად უფრო იაფიანი იქნება როგორც სახელმწიფო კომპანიებისთვის, ასევე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობენ, მათ შორის საბანკო სექტორისთვის," - განაცხადა ნიკა გილაურმა.

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური