საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-11-11

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას, რომელიც გაფართოებულ ფორმატში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით ჩატარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ნიკო თათულაშვილი ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: გენდერული თანასწორობის კონცეფციის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციის შემუშავების სტატუსი, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სახელმწიფო პროგრამები, საჯარო სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციის და მისგან დაცვის მექანიზმების დანერგვის პროგრესი და გენდერული სტატისტიკის განვითარება.

კომისიის სხდომაზე მოხსენებით წარსდგნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.
პრემიერ-მინისტრის ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიამ იმსჯელა სამომავლო პრიორიტეტებზეც, რომლებზე მუშაობაც, შესაბამის მხარეებთან კოორდინაციით, აქტიურად გაგრძელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური