შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2021-02-17

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, რომელსაც მინისტრების მოადგილეები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახაბერ ქემოკლიძე უძღვებოდა.
შეხვედრის მიზანს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმება წარმოადგენდა.
„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ იმ პირველი რიგის ამოცანებზე, რომელთა გადაჭრაც უმნიშვნელოვანესია, რათა ეფექტიანად და სწრაფად აღსრულდეს შშმ პირთა უფლებების ახალი კანონი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა.

საქართველოს მთავრობა 2021 წლის პირველ კვარტალში დაასრულებს მუშაობას ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე 2021-2030 წლებისთვის, სადაც შესაბამისად აისახება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხები. გარდა ამისა, რელევანტური უწყებები შეიმუშავებენ შიდა უწყებრივ სამოქმედო გეგმებს, სადაც უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტები გაიწერება.
„კანონი განსაზღვრავს კონკრეტულ ვადებს და ეს ერთობლივი მუშაობა სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ განსაზღვრულ ვადებში ყველა უწყებამ შევძლოთ ჩვენი ვალდებულებების შესრულება და ეს ყველაფერი გაკეთდეს კოორდინირებულად," - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა.

„შეხვედრისას უწყებებმა გავიარეთ და შევაჯერეთ ერთობლივად ის საკითხები, რაზეც ამ კანონის აღსრულების პროცესში ვიმუშავებთ," - განაცხადა გიგა სოფრომაძემ, თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე მუშაობა საკოორდინაციო კომიტეტის ფარგლებში, თემის წარმომადგენლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, გაგრძელდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური