საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებზე ბრიფინგზე ისაუბრა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-10-20

თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნების 22:00 საათიდან დაკეტვის შემდეგ, როგორც ჩანს, ჩვენმა მოქალაქეებმა გადაინაცვლეს მცხეთაში, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, 22:00 საათიდან რესტორნები დაიკეტება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, შეასრულონ მთავრობის რეკომენდაციები და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები.

„როდესაც ჩვენ შევზღუდეთ რესტორნები თბილისსა და იმერეთის რეგიონში 22:00 საათიდან, ეს დავაფუძნეთ კონკრეტულ ლოგიკას. ძალიან გთხოვთ, მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და რეკომენდაციებს დავემორჩილოთ და არა მხოლოდ ისეთ ღონისძიებებში არ მივიღოთ მონაწილეობა, სადაც აკრძალვებია, არამედ, ზოგადად, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ არასაჭირო ღონისძიებებში მონაწილეობისგან. ეს, პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, იმიტომ, რომ ამას ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, მოგიწოდებთ, წესები მაქსიმალურად დავიცვათ. ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ეკონომიკის აღდგენის მიზანი გვამოძრავებს და ეს მიზანი მიიღწევა ორი გზით - ან ქვეყანა სრულად უნდა ჩავკეტოთ, ან უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა, სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს.

„ამიტომ, რაც უნდა გავაკეთოთ, ერთადერთი და უპირველესია წესების მაქსიმალურად დაცვა, პირბადე და სოციალური დისტანცია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მართვას ექვემდებარებოდეს და ასე გავაგრძელოთ. ჩვენ ვიმყოფებით ვირუსის მართვისა და ვირუსთან ადაპტაციის პროცესში, რაც გულისხმობს კონკრეტული წესების დაცვას, გულისხმობს იმას, რომ ამ პროცესში თავისი როლი აქვს, როგორც სახელმწიფოს, ისე ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს. დღეს სახელმწიფოს აქვს რესურსები, საუბარია როგოც ექიმებზე, ისე საწოლების ფონდზე, თუმცა ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ამოუწურავი არ არის. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად დაიცვან წესები. დღესაც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვისაც საავადმყოფოში მოთავსება სჭირდება, ვინც არის მძიმე, ან რისკ-ჯგუფის პაციენტი, ამ ადამიანებისთვის, რესურსების საკმარისი რაოდენობა სახელმწიფოს გააჩნია თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიყოთ ფრთხილად, რათა შევინარჩუნოთ ეს სიტუაცია მაქსიმალურად გრძელვადიან პერსპექტივაში", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ისაუბრა კლინიკური მართვის ახალ მოდელზე, რომელიც საჭიროების მიხედვით საწოლების საჭირო რაოდენობის არსებობის შესაძლებლობას ქმნის.

„ახალი მოდელის მიხევდით, ოჯახის ექიმების კონსულტაციების შედეგად, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას განაგრძობენ სახლში, ან ე.წ. „კოვიდ სასტუმროებში" და მძიმე პაციენტები მკურნალობენ საავადმყოფოებში. როდესაც სახლში და "კოვიდ სასტუმროებში" მკურნალობაზე ვსაუბრობთ, ეს ყველაფერი ხდება ექიმის მეთვალყურეობით. ბოლო დღეებში გარკვეული უკმაყოფილებები ცალკეულ შემთხვევებში. რა თქმა უნდა, ხარვეზები არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს ხარვეზები არ არის სისტემური და ყველა ასეთ შემთხვევაზე ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დროულად მოვახდინოთ რეაგირება. გარკვეულწილად, ეს გამოწვეულია იმით, რომ შემთხვევების მატებასთან ერთად, რაც ალბათ კიდევ გაიზრდება, არის გარკვეული პანიკის ეფექტი. ყველას გვახსოვს, რომ იყო ასეთი შემთხვევა თავდაპირველად, როდესაც მაგალითად 144 გადაგვეტვირთა, იყო გარკვეული ხარვეზები, რომლებიც შემდგომ მოვაგვარეთ. რა თქმა უნდა, გარკვეულ შემთხვევებში არის რაღაც ცალკეული ხარვეზები პირველადი ჯანდაცვის სფეროში, თუმცა ვცდილობთ, მაქსიმალურად დროულად მოვაგვაროთ," - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური