საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებზე ბრიფინგზე ისაუბრა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-09-14

მთავრობის პოლიტიკა,  კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ყოველთვის იყო თანმიმდევრული და გააზრებული, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსს საკმაოდ არაპროგნოზირებადი ბუნება აქვს, -  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილმა  ასევე ისაუბრა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტთან და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტები მოეწყო. ამ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამომსვლელი ტესტირებას და თერმოსკრინინგს დაექვემდებარება. ასევე, ამ მუნიციპალიტეტების ამ სოფლებში, პირველ ოქტომბრამდე, სწავლა  დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ყველა მომდევნო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებას  დამატებით ინფორმაციას მივაწვდით", -  აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, ვირუსის არაპროგნოზირებადი ბუნების მიუხედავად, მთავრობის პოლიტიკა ყოველთვის იყო მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული ვითარება იძლეოდა.

„ჩვენ, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში, ვთქვით, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებდა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად. ეს ბუნებრივიც იყო, იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარებაც  ამ მიმართულებით დღეს ქვეყანაში გვაქვს. ამასთანავე, ვთქვით, რომ შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, ვინაიდან, შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვების კვლავ დაწესებას ქვეყანა ეკონომიკურად ვეღარ გაუძლებდა. რასაც ჩვენ  წლის დასაწყისში ვამბობდით, როდესაც  ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველი ნაბიჯები იდგმებოდა, პრაქტიკულად, დღეს ეს რეალობა გვაქვს", -განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ნათია მეზვრიშვილმა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები და დახურულ სივრცეებში ატარონ პირბადე, ასევე თავი შეიკავონ არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისაგან.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას, ვგულისხმობთ იმას, რომ უნდა დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომელიც  მთავრობის მიერ არის დადგენილი და  რომლის დაცვისკენაც მოგვიწოდებს ჯანდაცვის სამინისტრო. პირველ რიგში, ეს გახლავთ პირბადის ტარება დახურულ სივრცეში, საერთო სარგებლობის ლიფტებში, ყველა იმ ადგილას, სადაც პირბადის ტარება სავალდებულოა მთავრობის დადგენილებით და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებით. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი წესი, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად უნდა დავიცვათ, გახლავთ დისტანციის დაცვა და ამასთან დაკავშირებითაც არსებობს შესაბამისი რეგულაციები. მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ - მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თავი შევიკავოთ არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან, რაზეც ჩვენი მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება", -  აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის შეფასებით, დღეს, სახელმწიფო, ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორი გაცილებით მეტად მომზადებულია.

„ჩვენ წლის დასაწყისში, განვაცხადეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა იყო მოსამზადებელი და ამ მიზნით ჩვენ უნდა მიგვეღო ყველა საჭირო ზომა, რათა ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად შეგვეკავებინა. სწორედ ამიტომ გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა და გავატარეთ განსაკუთრებით მკაცრი ზომები. დღეს, საზოგადოებაში არსებობს კითხვის ნიშნები, რატომ იყო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული მაშინ, როცა გაცილებით ნაკლები შემთხვევა იყო და ამაზე პასუხი ძალიან მარტივია - ჩვენ უნდა მოგვემზადებინა სისტემა, იმიტომ, რომ  შეგვეკავებინა ვირუსის გავრცელება და ფაქტობრივად, ჩვენ ეს შევძელით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა მომზადებულია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც ასეთი განსაკუთრებული ზომები არ მიიღეს, რომლებმაც თავის დროზე ქვეყანაში სრული კარანტინი არ გამოაცხადეს, გაცილებით დიდი ჰუმანური, სოციალური და ეკონომიკური დანაკარგების წინაშე დადგნენ. ამიტომ, ამით აიხსნება ის გადაწყვეტილებები და მთავრობის პოლიტიკის თანმიმდევრულობა, რასთან დაკავშირებითაც კითხვები ისმის",- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.


ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სრული კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება.

„დღეს, მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ  განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება, უნდა გვეკეთოს პირბადე, დავიცვათ დისტანცია და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ არასაჭირო თავყრილობებში მონაწილეობისგან. გვესმის, რომ გასული დღეების განმავლობაში სოციალური ღონისძიებების - ქორწილების, ქელეხების და სხვა სარიტუალო ღონისძიებების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ დღესაც გვაქვს ისეთი კლასტერები, რომლებიც ქორწილებს უკავშირდება", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ხვალიდან, 15 სექტემბრიდან ძალაში შედის გადაწყვეტილება, რომელიც სავალდებულო კარანტინის 12-დან 8 დღემდე შემცირებას გულისხმობს.

რაც შეეხება შეზღუდვების დაწესებას, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, თუ საგანგებო მდგომარეობის პირობებში სრული კარანტინი გამოცხადდა, დღეს, ამა თუ იმ შეზღუდვის დაწესება წერტილოვნად, ლოკალურად ხდება.

„შეზღუდვების დაწესების ლოგიკა წინა პერიოდისგან ცოტა უფრო განსხვავებულია. ვაწესებთ შეზღუდვას იქ, სადაც ვირუსის გავრცელება ხდება უფრო მეტად", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, გამკაცრებულია იმ რეგულაციებისა და წესების აღსრულება, რომლებიც მთავრობის დადგენილებით მოქმედებს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა საზოგადოებას მიმართა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი შრომის ინსპექციასა და პოლიციას დადგენილი რეგულაციების დაცვაში.

„პასუხისმგებლობა, დღეს თითოეულ ჩვენგანზეა. არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი მხრიდან ელემენტარული წესების დაუცველობამ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელება გამოიწვიოს", -  განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური