საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა ამოსაბეჭდი ვერსია

2020-07-06

დღეიდან, 6 ივლისიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მხრიდან და დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის პრესსპიკერმა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ ბოლო მონაცემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა Covid-19-ით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია მათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.

დღეისათვის, საქართველოში ჯამში დაავადებულთა რაოდენობამ მიაღწია 953-ს, აქედან 850 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა და დატოვა სამედიცინო დაწესებულება, 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, 3 903 ადამიანი იმყოფება საკარანტინე პირობებში, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 202 პირი.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ეს შემსუბუქებები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, აუცილებელია, განხორციელდეს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციისა და პროტოკოლის დაცვით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს, მიღწეულია სწორი, თანმიმდევრული ქმედებებით და არ შეიძლება იმ რეგულაციების უგულებელყოფა, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს,"- განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს ახალ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრა. კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებებით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები დაიწყებენ ფუნქციონირებას მას შემდეგ, რაც ისინი შრომის ინსპექციის შემოწმებას გაივლიან.

„შრომის ინსპექცია უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს შესაბამის რეგულაციებს, თუმცა ხაზს გავუსვამ, რომ ეს მათთვის არ იქნება სიურპრიზი ან სიახლე, ვინაიდან, ჩვენ, როგორც ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი, ასევე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები, ასევე ამ ბიზნესის წარმომადგენლები, უკვე დიდი ხანია საკონსულტაციო რეჟიმში ვიმყოფებით და ყველა რეგულაცია მათთან ერთად არის გავლილი. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ისინი გაივლიან შრომის ინსპექციის ინსპექტირებას, შეძლებენ, განაახლონ ფუნქციონირება", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოზე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომლითაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ. ივლისში, სპეციალურ ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით, ავიაკომპანიები - Wizz Air-ი და Myway Airlines-ი განახორციელებენ.

ყველა მოქალაქე, რომელიც დაბრუნდება საქართველოში, ისინი კვლავაც ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ 14 დღიანი კარანტინი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.

„ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელიც COVID-19-ის პირობებში სახელმწიფომ განახორციელა და საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო, რომელმაც შეძლო თავისი მოქალაქეების რეპატრიაცია და დაბრუნება სამშობლოში, განახლდება. უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ივლისში ორი ავიაკომპანია, Wizz Air-ი და Myway Airlines-ი განახორციელებს სპეციალურ ჩარტერულ რეისებს რამდენიმე მიმართულებით. ეს მიმართულებები და თარიღები არის შემდეგი - 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი და 28 ივლისი - ათენი. ამ მიმართულებებზე მგზავრობის საფასური ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა აღემატებოდეს 200 ევროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შემსუბუქება და სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანამონაწილეობაა. ყველა მოქალაქე, რომელიც დაბრუნდება საქართველოში, კვლავაც ვალდებული იქნება, გაიაროს 14-დღიანი კარანტინი, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, შიდა ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

კერძოდ, უახლოეს პერიოდში აღდგება შიდა ფრენები, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და მარტივად დაათვალიერონ ისეთი ადგილები, რომელიც დიდი მანძილითაა დაშორებული დედაქალაქიდან ან მათი საცხოვრებელი ადგილებიდან.

გარდა ამისა, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით,  ჯანდაცვის სამინისტროს ასევე, დაევალა, რომ შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომელიც ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარებასთან იქნება დაკავშირებული, რაც მომავალში შესაძლებელს გახდის, გაიცეს ნებართვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარებაზე.

პრემიერის პრესსპიკერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპული საბჭოს მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის გაცემულ რეკომენდაციაზე, რომლის თანახმად, საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში მოხვდა, რომლებთან მიმოსვლა და ამ სახელმწიფოებიდან მგზავრების მიღება უსაფრთხოა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ამას ვაფასებთ და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ როგორც ხელისუფლებამ, ისე ჩვენმა მოქალაქეებმა შევძელით, მნიშვნელოვანი შედეგი დაგვედო Covid-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით და ამას მოჰყვა საერთაშორისო აღიარება. ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ეს აღიარება არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მხრიდან, მაგრამ ეს რეკომენდაცია არ არის სავალდებულო და თითოეულ სახელმწიფოს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, აქვს თავისუფლება, დააწესოს კონკრეტული პროცედურები მიმოსვლასთან დაკავშირებით. საქართველო მუშაობს ყველა სახელმწიფოსთან, იმისთვის, რომ შევიმუშაოთ ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც დაკავშირებული იქნება იმ პროცედურებთან, რომლებიც ამ ქვეყნებთან მიმოსვლის აღდგენის საშუალებას მოგვცემს. ამასთან, არის გარკვეული ლოგისტიკური, ტექნიკური საკითხები, რომლებსაც, რამდენიმე თვის შემდგომ, რაც მსოფლიო პრაქტიკულად გაჩერებული იყო, სჭირდება მოწესრიგება და მოგვარება. პროცესი არის ძალიან ინტენსიური, მოითხოვს ინდივიდუალურ მოლაპარაკებას და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული შედეგები, რომლებზეც დამატებით კიდევ იქნება მსჯელობა. კონკრეტულ მიმართულებებთან და ვადებთან დაკავშირებით შეგვიძლია, ვისაუბროთ მოგვიანებით და ამას საზოგადოებას გავაცნობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აღმოჩნდა უსაფრთხო სახელმწიფოების ჩამონათვალში და როგორც ჩვენ, ისე ჩვენი ევროპელი კოლეგები იზიარებენ მოსაზრებას, რომ შემდგომში მიღებული ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს თანმიმდევრული, ეპიდემიოლოგების რჩევებზე დაყრდნობილი. ამ გადაწყვეტილებებმა არ უნდა დააზიანოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც აქამდე იყო მიღებული და მოგვიტანა ასეთი დადებითი შედეგი,"- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პრემიერის პრესსპიკერი ასევე გამოეხმაურა არასრულწლოვნების კარანტინში განთავსების საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს და აღნიშნა, რომ ამ კუთხით დამატებით რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს.

„საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა არასრულწლოვნების კარანტინში განთავსებასთან დაკავშირებით, რაზეც მოგახსენებთ, რომ განთავსება ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, მხედველობაში მივიღოთ ყველა ის საჭიროება, რომელიც ასეთ შემთხვევაში იარსებებს, ეს არის ასაკი და სხვა კონკრეტული გარემოებები. ყოველი ასეთი კონკრეტული შემთხვევა სახელმწიფოს მხრიდან არის მაქსიმალურად ყურადღებით შესწავლილი. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია ზომები, რომ ასეთი ოჯახები განთავსდნენ ისეთ ფართებში, რომელიც მათთვის იქნება ადეკვატური და მისაღები. არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ამ სიტუაციის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭომ ოპერაციულ შტაბს დაავალა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომელიც ასევე, საჯარო გახდება", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური