საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ლელა აქიაშვილი - სოციალური მუშაკების როლი კრიზისთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, სწორედ ეს ადამიანები აგროვებენ ინფორმაციას სოციალურად მოწყვლადობის შესახებ და ეხმარებიან ოჯახებს სიღარიბის დაძლევაში ამოსაბეჭდი ვერსია

2020-06-17

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე გამოვლინდა ის სოციალურად მოწყვლადი ოჯახები, რომელნიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დროს. 

შედეგად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და კატარის სახელმწიფოს საელჩოს თანამშრომლობით, კამპანიური ხასიათის პროგრამის ფარგლებში, 350-მდე სოციალურად მოწყვლად ოჯახს პირველადი საკვები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცემა.

"სოციალური მუშაკების როლი კრიზისთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, სწორედ ეს ადამიანები აგროვებენ ინფორმაციას სოციალურად მოწყვლადობის შესახებ და ეხმარებიან ოჯახებს სიღარიბის დაძლევაში. შესაბამისად დღეს, ჯანდაცვის სამინისტროსთან, კატარის საელჩოსთან და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან ერთად მოვინახულეთ ის სოციალურად მოწყვლადი ოჯახები და გადავეცით მათ პირველადი საჭიროების საშუალებები იმისათვის, რათა მათ დაძლიონ COVID 19-ით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეები." - განაცხადა ლელა აქიაშვილმა. 

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი მოცემული სიტუაციის, პანდემიის პერიოდში, ჩვენი სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის გვერდით დგომა.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი მოცემული სიტუაციის, პანდემიის პერიოდში, ჩვენი სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობის გვერდით დგომა, მათთვის სოციალური მხარდაჭერა, რაშიც, მოცემულ ეტაპზე, ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა კატარის საელჩომ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ელჩს და კატარის მთავრობას. ჩვენი სოციალურად გაჭირვებული ოჯახების დახმარებას, ჩვენ, მომავალშიც, პერმანენტულად გავაგრძელებთ." - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა. 

საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩმა  მუბარაქ  ნასერ ალ ხალიფამ გამოხატა მხარდაჭერა სოციალურად მოწყვლადი ოჯახების მიმართ.

"მოხარული ვარ, რომ კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის ასეთი თანამშრომლობა შედგა. ჩვენ, როგორც კატარის მთავრობის წარმომადგენლობა საქართველოში, ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვუწევთ დახმარებას, რათა უფრო კარგად გაუმკლავდნენ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას COVID 19-თან დაკავშირებით" - განაცხადა მუბარაქ ნასერ ალ ხალიფამ. 

როგორც  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე აცხადებს, ეს დახმარება იყო ფასდაუდებელი და ძალიან მიზნობრივი იმ ჯგუფებისთვის, ვისაც კონკრეტულად, ეს საჭიროებები ედგა.

"მთავრობის ადმინისტრაციისა და კატარის საელჩოს ძალიან  მნიშვნელოვანი მხარდაჭერით შევძელით, რომ ზრუნვის სააგენტოს ბენეფიციარებს, ძალიან მოწყვლად ოჯახებს დავხმარებოდით პროდუქტებითა და სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებებით, რომელიც მათ სჭირდებოდათ ჩვენი კვლევის საფუძველზე, რომელიც კოვიდ-19-ის პერიოდში ჩავატარეთ იმისთვის, რომ მათი მდგომარეობა შეგვეფასებინა. შესაბამისად, ეს დახმარება იყო ფასდაუდებელი და ძალიან მიზნობრივი იმ ჯგუფებისთვის, ვისაც კონკრეტულად, ეს საჭიროებები ედგა" - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ. 

კამპანიური ხასიათის აქცია სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების ჩართულობით მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური