საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პანელური დისკუსია - „უთანასწორობის დაძლევა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოპანელური დისკუსია - „უთანასწორობის დაძლევა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ამოსაბეჭდი ვერსია

2020-01-21

მთავრობის ადმინისტრაციის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, თემაზე -„უთანასწორობის დაძლევა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში" პანელური დისკუსია გაიმართა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა გახსნეს.

ღონისძიებას, რომელზეც საუბარი შეეხო არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს პროგრესს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი სახოკია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი ესწრებოდნენ.

როგორც გიორგი სახოკიამ აღნიშნა, ბევრი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ადამიანის განვითარების ინდექსი ბოლო 20 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება. პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნებულია და  საქართველოს აქვს ადამიანის მაღალი განვითარების ქვეყნის სტატუსი. ქვეყნის ინდექსის მაჩვენებელი 2000 წლიდან 2018 წლამდე გაიზარდა 17.5%-ით. გაზრდილია ქვეყანაში ცხოვრების ხანგრძლივობის მაჩვენებელი, ასევე გაზრდილია ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული პროდუქტის მაჩვენებელი, რეგიონის და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მასშტაბით საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე ადამიანის განვითარების ინდექსის და მისი ჩაშლილი მონაცემების მიხედვით. 
მიუხედავად ამისა, გამოწვევად რჩება უთანასწორობა და ზემოთ აღნიშნული პროგრესის თანაბრად გადანაწილება მოსახლეობის ყველა ფენაზე. 

„არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით საქართველოს მთავრობა, პროგრამის შესაბამისად, აქტიურად მუშაობს. საქართველო აღიარებს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს და იღებს პასუხისმგებლობას ისეთი პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელიც   უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებსა და კეთილდღეობას ყველა მოქალაქისათვის." - განაცხადა გიორგი სახოკიამ.

პანელური დისკუსიის მონაწილეთა აზრით, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით  პოლიტიკა კარგად არის განსაზღვრული. გაეროსა და მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ტექნიკური ანალიზის მიხედვით, მდგრადი განვითარების მიზნების ამოცანების 93 % ასახულია ეროვნულ სტრატეგიებში, სადაც მარტო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე 63 % მოდის.  

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით პროგრესის დაჩქარებისთვის, რეკომენდებულია განსაკუთრებული ყურადღება რამდენიმე უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს დაეთმოს. 

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის,  ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანი და ძირითადი გამოწვევები ეხება თანასწორობას და, სწორედ, ამ მიმართულებით, 2020 წლიდან საქართველოს მთავრობა იწყებს ადამიანის უფლებათა ახალ სტრატეგიაზე მუშაობას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, უთანასწორობის აღმოფხვრა და სოციალური უფლებების გაძლიერება  იქნება ქვეყანაში.

"ადამიანის უფლებათა საბჭო უკვე მუშაობს არსებულ უთანასწორობათა აღმოფხვრის მიმართულებებით, განსაკუთრებით, გენდერული თანასწორობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებების დაცვის და ბავშვთა უფლებების გაძლიერების მიმართულებით", -განაცხადა ლელა აქიაშვილმა.

დისკუსიაში აგრეთვე მონაწილეობდნენ იმ სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებსაც აკისრიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა - განახორციელონ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები  უთანასწორობის დაძლევისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით.