საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ნათია მეზვრიშვილი: “საქართველო „OGP“-ს მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს: ამ მიმართულებით  მუშაობას კიდევ უფრო გავააქტიურებთ” ამოსაბეჭდი ვერსია

2019-11-29

---

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - ნათია მეზვრიშვილი გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული შუალედური კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო. კვლევამ სახელმწიფო სერვისების მიმართ მოქალაქეების ნდობის მაჩვენებელი შეისწავლა.
პრეზენტაციას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში - ლუიზა ვინტონი, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში - ჯასტინ მაკკენზი სმიტი და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი სიტყვით გამოსვლისას გაერთიანებულ სამეფოს და გაეროს განვითარების პროგრამას, მნიშვნელოვანი კვლევის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, მხარს უჭერს საჯარო მმართველობის რეფორმას და ცდილობს, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას.

„ჩვენ პროგრესული ნაბიჯები  გადავდგით საჯარო მმართველობის რეფორმის მიმართულებით, თუმცა, არის კიდევ გარკვეული საკითხები, რომელზეც სამუშაოა და თამამად შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ალბათ გარკვეულწილად ეს ნაბიჯები, სწრაფი ტემპებით  გასულ წელს, ვერ გადავდგით, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მომავალი წლიდან, ამ მიმართულებებით, ჩვენ კიდევ უფრო გავაქტიურდეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საჯარო მმართველობის რეფორმას მხარს უჭერს და თქვენთან თანამშრომლობით ვეცდებით, რომ კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენთვის ეს კვლევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით რომ, გვეხმარება, ერთი მხრივ, იმ პროგრესის დანახვაში, რაც ამ მიმართულებით გვქონდა, ხოლო მეორე მხრივ, იმ ნაკლოვანებების და გამოწვევების დანახვაში , რომლებიც უნდა გამოვასწოროთ რეფორმაზე მუშაობის პროცესში. მოგეხსენებათ, ეს რეფორმა  5 წელია მიმდინარეობს და საკმაოდ ხელშესახები შედეგები, თქვენი დახმარებით, გვაქვს. რამდენიმე მიმართულებას მინდა შევეხო. მუშაობის პროცესში განვითარდა პოლიტიკის დაგეგმვის სისტემა. ჩამოყალიბდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების მონიტორინგის და შეფასების მექანიზმები. რა თქმა უნდა, აქ ჯერ კიდევ  ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და ამ მიმართულებით აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას".


ნათია მეზვრიშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ  საქართველო „OGP"-ს მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს და ამ მიმართულებით  მუშაობას კიდევ უფრო გავააქტიურებთ

"ორი მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც თქვენ, ჩემზე უკეთესად მოგეხსენებათ: „საჯარო  სამსახურის შესახებ" და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" კანონი, რაზეც დეტალებზე არ შევჩერდები, რაც საკმაოდ პროგრესული და წინ გადადგმული ნაბიჯია.  2019 წელს, როგორც მოგეხსენებათ, საქართველო „OGP"-ს მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავააქტიურებთ. დაიწყო სახელმწიფო სერვისების მიწოდების ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, რაც ერთიანი სტანდარტების დანერგვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებითაც პროგრესი გვექნება. აღარაფერს ვამბობ ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვაზე, მთელი ამ წლების განმავლობაში , რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმია.  კვლევითაც კარგად ჩანს, რომ ზოგადად, ამ რეფორმას, საჯარო მოხელეების 92% მხარს უჭერს, თუმცა ბევრი რამ არის, კიდევ გასაკეთებელი ინფორმირებულობის თვალსაზრისით და მთავრობის ადმინისტრაცია, საჯარო მმართველობის რეფორმის კომუნიკაციის სტრატეგიის მომზადებაზე „UNDP"-სთან აქტიურად გააგრძელებს მუშაობას".

ნათია მეზვრიშვილმა სამი ძირითად პრიორიტეტი გამოყო და განაცხადა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ მიმართულებით გაკეთდება  აქცენტები.

„სამ მნიშვნელოვან პრიორიტეტს გამოვყოფდი, რაზეც მოკლევადიან პერსპექტივაში , ჩვენ აქცენტებს გავაკეთებთ. ბევრი თემაა ,რაზეც სამუშაო გვაქვს, მათ შორის, საკანონმდებლო ნაწილი , ახლა ამაზე დეტალურად არ შევჩერდები , რაც სამწუხაროდ,  დასაჩქარებელია და  აქტიური ტემპებით ვერ წავედით გასულ წელს. 1-ლი ეს არის წარმატებით დასრულება 2019-2020 წლის გეგმის. 

მეორე აქტიური მიმართულება რაც იქნება, ეს არის  ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და მიზნებს ვფიქრობთ ისე განვსაზღვროთ, რომ კონკრეტულ შედეგებზე იყოს ეს ყველაფერი ორიენტირებული და მესამე - ვფიქრობთ, რომ გასაძლიერებელია და ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ, საჯარო მმართველობის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭო, რათა მაღალი დონის წარმომადგენლობა უზრუნველვყოთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია, თქვენთან ერთად აქტიურად გააგრძელებს მუშაობას თითოეული მიმართულებით და კიდევ ერთხელ, მადლობა გაერთიანებულ სამეფოს და გაეროს  განვითარების პროგრამას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი  აქტიური მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.