საქართველოს მთავრობა – სიახლეები

კონფერენცია სახელწოდებით - „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ გრძელდება ამოსაბეჭდი ვერსია

2019-11-22

  ..

„ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ" - ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება. დღევანდელი სესიის პირველი ნაწილი „ევროკავშირის სამეზობლოში პრაქტიკული რეაგირების გაძლიერებას" დაეთმო. სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კონფერენციაში მონაწილე წევრებს  თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი განსახილველი საკითხია ასევე, თუ როგორია   ევროკავშირის სამოქმედო გეგმის ფარგლებში დეზინფორმაციასთან მიმართებით ევროკავშირის მიდგომების განვითარება.

დღის განმავლობაში  მიმდინარეობს პარალელური სესია  სახელწოდებით „ახალგაზრდების როლი დეზინფორმაციის პრობლემის გადაჭრაში". ღონისძიებაში მონაწილეობენ ახალგაზრდა ევროპელი ელჩები აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და საქართველოს ახალგაზრდული ევრო-კლუბის წევრები.

კონფერენცია ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება, რომლის მიზანია ევროკავშირსა და მის სამეზობლოში  დეზინფორმაციის საფრთხეების გაანალიზება და კოორდინირებული ქმედებების ხელშეწყობა. დეზინფორმაციისა და სტრატეგიული კომუნიკაციების თემებზე მომუშავე ექსპერტები, დიპლომატები, სამოქალაქო და მედიასექტორის წარმომადგენლები ერთობლივად მსჯელობენ ევროკავშირის ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებაზე დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებით, ერთობლივი რეაგირების გაძლიერებაზე, კერძო სექტორის მობილიზებასა და აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ამაღლებაზე.