საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ნათია მეზვრიშვილი - ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უახლოეს მომავალში განახლდება ამოსაბეჭდი ვერსია

2019-10-18

------

ჩვენ ძალიან ვაფასებთ დამოუკიდებელი ექსპერტების ობიექტურ და ზოგიერთ შემთხვევაში კრიტიკულ შეფასებებსაც, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.

მან ევროკავშირსა და გაეროს, საქართველოში ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„განვლილი პერიოდი ცხადყოფს, რომ ჩვენ არ გვეშინია და არ გავურბით კრიტიკას, რაც არ უნდა მწვავე იყოს ის; ყოველთვის ვცდილობთ, გამოწვევებს თვალი გავუსწოროთ და რაც მთავარია, მათი მოგვარების მიმართულებით აქტიურად გადავდგათ ნაბიჯები. მეგი ნიკოლსონის ანგარიში საკმაოდ დაბალანსებულია და ჩვენ მას ობიექტურ ანგარიშად ვაფასებთ. მასში ასახულია მთავრობის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საკმაოდ ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი და ასევე -ობიექტური კრიტიკა, რომელიც ჩვენ მომავალში უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

ნათია მეზვრიშვილი ასევე გამოეხმაურა ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომების შეჩერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოთქმულ წუხილებს და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საბჭოს სხდომები რეგულარულ ხასიათს დაიბრუნებს და უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.

„ადამიანის უფლებების საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, განახლდება. ის იქნება ქმედითი მექანიზმი და საკმაოდ აქტიური პლატფორმა ადამიანის უფლებების მიმართულებით, მთავრობის სხვადასხვა უწყების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობით. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც გაწერილია 2020 წლამდე და ხაზი გაუსვა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მთავრობას ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში აკისრია.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ როგორი დაბალანსებული და კონსენსუსზე დაფუძნებულიც არის მოქმედი სტრატეგია, ასეთივე იქნება მომავალი სტრატეგიაც და მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ყველა პარტნიორის, როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. ჩვენ ამ მიმართულებით წარმატებულები ვერ ვიქნებით, თუ ადამიანის უფლებათა საბჭო არ იქნება ქმედითი და არ გავაძლიერებთ ადამიანის უფლებათა სამდივნოს, რომლის დაკომპლექტების მიმართულებით ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული გეგმები. ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმისას გათვალისწინებული იქნება მათ შორის ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ ჩატარებული კვლევები", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ევროკავშირისა და გაერო-ს წარმომადგენლებმა სასტუმრო „რედისონში" ოთხწლიანი პროგრამა „ადამიანის უფლებები ყველასთვის" შეაჯამეს და ამ პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, მეგი ნიკოლსონის ანგარიში წარადგინეს, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.

მეგი ნიკოლსონის ანგარიშში წარმოდგენილია ადამიანის უფლებების დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელების შეფასება. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია ქვეყნის მიღწევები, კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმების მიმართულებით. ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები ამ საკანონმდებლო მიღწევების პრაქტიკული განხორციელების უზრუნველსაყოფად.
ანგარიშის პრეზენტაციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საერთაშორისო ექსპერტები და ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.