საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-08-22

შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სხდომა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელის ნატალია ჯალიაშვილის მიმართვებით გაიხსნა.

სხდომის მონაწილეებს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამთავრობო სამოქმედო გეგმების შესრულების ერთი წლის ანგარიში წარედგინა.

შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე და მონაწილეებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გუგული მაღრაძემ ყურადღება გაამახვილა გენდერული თანასწორობის შესახებ სახელმწიფოს ახალ კონცეფციაზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე, განათლებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.

კომისიამ წარმოადგინა სამი თვის განმავლობაში სამუშაო პრიორიტეტული მიმართულებიც და გეგმის მონახაზი დაამტკიცა. სამომავლო საქმიანობები სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სტამბოლის კონვენციის შესრულების ანგარიშზე მუშაობის დაწყებას, ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო კამპანიის განხორციელების პროცესს, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობისთვის საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას.