საქართველოს მთავრობა – სიახლეები

პასუხისმგებლიანი შრომითი ურთიერთობების პრაქტიკის გაუმჯობესებაზე მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ სამუშაო შეხვედრები გამართა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-02-27

მთავრობის როლი პასუხისმგებლიანი შრომითი ურთიერთობების პრაქტიკის გაუმჯობესებაში იყო ერთ-ერთი მთავარი თემა სამდღიან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ორგანიზებით 25-27 თებერვალს ბორჯომში გაიმართა.

სემინარზე, რომლის მიზანი იყო ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის თავის - „ბიზნესი და ადამიანის უფლებები" შესრულების ხელშეწყობა, ასევე იმსჯელეს პასუხისმგებლიანი ბიზნესის ქცევაზე, მულტინაციონალურ კორპორაციებსა და სოციალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული პრინციპების სამმხრივი (MNE) დეკლარაციის მიდგომებზე და ა.შ.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაზე, MNE დეკლარაციის მიზანზე, მიდგომასა და მოქმედების ინსტრუმენტებზე, გენდერულ თანასწორობასა და ღირსეულ სამუშაო გარემოზე, ეკონომიკურ გაძლიერებასა და ქალთა მეწარმეობაზე, ასევე კერძო სექტორის ჩართულობაზე ღირსეულ განვითარებაში.

სემინარის ფარგლებში განიხილეს სამოქმედო გეგმის „ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ" თავის განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები და სამოქმედო გეგმაში განსახორციელებელი ცვლილებების საჭიროება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ, როგორც „ბიზნესი და ადამიანის უფლებების" თავით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის, არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფესიული კავშირების, სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები.

ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას „ბიზნესი და ადამიანის უფლებების" თავის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პასუხისმგებელი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, ასევე დაინტერესებულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.