საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სოფო ჯაფარიძემ კიევში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-26

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში კიევში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მონაწილეებსა და უკრაინის მთავრობას გაუზიარა საქართველოს გამოცდილება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების მიმართულებით.

სოფო ჯაფარიძემ მოხსენებაში აღნიშნა საქართველოს წარმატებული მაგალითები და ხაზი გაუსვა საჭიროებებზე მორგებული გეგმის შემუშავებასა და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გეგმის განხორციელების პროცესში.

"ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის, გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერების, კონფლიქტის პრევენციისა და გადაწყვეტის, ასევე, მშვიდობის მშენებლობის პოლიტიკის ნაწილს.  აღნიშნული გეგმის საშუალებით საქართველოს მთავრობა ახდენს გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებას უსაფრთხოების სექტორსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამასთან, გეგმის განხორციელება გულისხმობს ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და მათ სრულფასოვან ჩართულობას კონფლიქტის პრევენციის და გადაწყვეტის პროცესში. სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ გეგმაში გაწერილი პრიორიტეტები დეტალიზებულია შესაბამის უწყებრივ და სექტორულ გეგმებში. სამთავრობო უწყებებთან ერთად გეგმის განხორციელების პროცესში განსაკუთრებით როლი აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას", - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კონფერენციის მიზანი და ფორმატი მოიცავდა წარმატებული ქვეყნების გამოცდილების, გამოწვევების, ინსტიტუციური საკოორდინაციო მექანიზმების შექმნისა და ფუნქციონირების მაგალითების გაცნობას უკრაინის სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ვიცე პრემიერ - მინისტრის აპარატის თანამშრომლობით გაიმართა, 100-მდე დელეგატი ესწრებოდა.

საქართველოს მთავრობა 2011 წლიდან ახორციელებს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს. 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ შექმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც წარმოადგენს გეგმის შემუშავებისა და განხორციელების მაკოორდინირებელ მექანიზმს. უწყებათაშორისი კომისია კოორდინირებას უწევდა გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესს.