საქართველოს მთავრობა – სიახლეები

გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრები ესპანეთში იმყოფებოდნენ

2018-06-02

27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული რეფორმების, ქალთა გაძლიერების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებისა და მონიტორინგის გამოცდილების გაზიარების მიზნით, ესპანეთში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრები ვიზიტით იმყოფებოდნენ. დელეგაციას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე. კომისიის წევრებთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და კომისიის საქმიანობაში ჩართული ექსპერტები.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და შესაბამის რეაგირებაზე. მათ შორისაა ჯანდაცვის, სოციალური მომსახურებისა და თანასწორობის სამინისტრო, დეპუტატთა კონგრესის გენდერული თანასწორობის კომისია, სახალხო დამცველი, ქალთა მიმართ ძალადობის სპეციალიზებული სასამართლო, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის პოლიცია და სხვა.

ვიზიტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა ესპანეთის გენდერული თანასწორობის ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმების მუშაობის ასპექტების გაცნობა, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. შესაბამისად ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი თვითმმართველობების როლს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაში. საუკეთესო გამოცდილების გასაცნობად დელეგაცია ეწვია ფუენლაბრადას, ალკორკონის, კასტილია ლა-მანშის მუნიციპალიტეტებს და გაეცნო გენდერულ პროგრამებზე პასუხისმგებელი ადგილობრივი გუნდის მუშაობას.

ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას.