საქართველოს მთავრობა – სიახლეები

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-02-20

20 თებერვალს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართა.  სხდომის დასაწყისში უწყებათაშორისი კომისიის წევრებს მიესალმნენ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე და კომისიის თანათავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე.

კომისიის სხდომის ფარგლებში განხილულ იქნა და დამტკიცდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ექსპერტთა ჯგუფში (GREVIO) წარსადგენი კანდიდატის/კანდიდატების შერჩევის წესი და შეფასების სპეციალური ფორმა გასაუბრებისთვის.

კომისიამ იმსჯელა და დაამტკიცა სამი თემატური ჯგუფი, რომელთა ფარგლებში შესაბამისი უწყებები იმუშავებენ შემდეგ საკითხებზე: 1. რისკების შეფასების მეთოდოლოგია/ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურების დანერგვა მოძალადეებისთვის; 2. ქცევის კორექციის პროგრამები, იმ ბენეფიციარებისთვის რომელთა მიმართაც გამოცემულია დამცავი ორდერი; 3. სტატისტიკის წარმოების ერთიანი სტანდარტის შემუშავება;

კომისიის სხდომაზე ასევე მოისმინეს "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა" და „გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებისათვის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიშები.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელმა, ანა წურწუმიამ, უწყებათაშორისი კომისიის წევრებს  „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის"  სამუშაო დოკუმენტი გააცნო.

უწყებათაშორის კომისიის სხდომას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების ,ასევე საქართველოს სახალხო დამცველის, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები.