საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს მეოთხე სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-02-16

სასტუმრო „Holiday Inn"-ში საჯარო მმართველობის რეფორმის საბჭოს მეოთხე სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, ევროკავშირის დელეგაციის, USAID-ის და UNDP-ის ხელმძღვანელი პირები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს საჯარო მმართველობის რეფორმის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შედეგები 6 ძირითადი მიმართულების მიხედვით: პოლიტიკის დაგეგმვა, საჯარო სამსახურის რეფორმა, ანგარიშვალდებულება, საჯარო ფინანსების მართვა, სახელმწიფო სერვისების მიწოდების პოლიტიკა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება. საბჭოს წევრებმა, ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჯარო მმართველობის რეფორმის ფინანსური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. სხდომაზე საბჭოს წარედგინა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მომზადებული ანგარიშები, აგრეთვე, პრეზენტაცია სახელმწიფო სერვისების შექმნისა და მიწოდების პოლიტიკის კონცეფციის შესახებ.