საქართველოს მთავრობა – სიახლეები

ნატალია ჯალიაშვილმა OHCHR-ის წარმომადგენლებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები გააცნო ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-29

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საველე ოპერაციებისა და ტექნიკური თანამშრომლობის სამმართველოს დირექტორმა ჟორჟეტ განიონმა მზადყოფნა გამოთქვა, ხელი შეუწყოს სამთავრობო სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს. შეხვედრაზე აღინიშნა, ასევე, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის საკითხის აქტუალობა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საჯარო მოხელეებისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სპეციალური სავალდებულო საგანმანათლებლო კურსის დანერგვის შესახებ, რაც ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ერთობლივი პროექტის ფარგლებში განახორციელებენ.
შეხვედრას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის საველე ოპერაციებისა და ტექნიკური თანამშრომლობის სამმართველოს დირექტორი, ჟორჟეტ განიონი, ამერიკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჟოზე მარია არანასი, ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰულან ტსედევი, ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი, დრაგან ლალასევიჩი, სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსი მრჩეველი ვლადიმირ შკოლნიკოვი და საქართველოში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი, ბესარიონ ბოხაშვილი დაესწრნენ.