საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველო ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევის გლობალური პარტნიორობის პლატფორმას უერთდება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-20

საქართველო გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ბავშვთა მიმართ ძალადობის დაძლევის გლობალურ ინიციატივას უერთდება, რომელიც ახალი მექანიზმია და მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ქვეყნების დახმარებას ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კონკრეტული მექანიზმების შემუშავებისათვის. საქართველო მე-14 ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდება.
პარტნიორობა აერთიანებს სახელმწიფოების, გაეროს სააგენტოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიური ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიური, კვლევითი ორგანიზაციებისა და ბავშვების ძალისხმევას შემდეგი მიზნებისათვის:
• შეიქმნას და გაძლიერდეს პოლიტიკური ნება ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისათვის;
• გააქტიურდეს ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისაკენ მიმართული ღონისძიებები;
• გაძლიერდეს და სისტემური სახე მიეცეს ქვეყნის შიგნით თანამშრომლობას, ასევე, გაფართოვდეს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების პროცესი.
2030 წლისთვის ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა მთელს მსოფლიოში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (მიზანი 16.2) ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ბავშვთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს მთელი მსოფლიოსათვის. 2016 წელს მილიარდამდე ბავშვმა განიცადა ფიზიკური, სექსუალური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა. 2006 წლის მონაცემებით 120 მილიონი გოგონა და 73 მილიონი ბიჭი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. 2013-2017 წლებში საქართველოში ჩატარებული კვლევების თანახმად, მოსახლეობის 45% ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს, მოსახლეობის 60 პროცენტი თვლის, რომ ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია. ამასთან, ხშირია საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები, როგორც მოსწავლეებს შორის, ისე უფროსების მხრიდან.
აღნიშნულ ინიციატივაში გაწევრიანება გულისხმობს ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ კომპლექსური, მრავალგანზომილებიანი კვლევის ჩატარებას. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან კვლევის პროცესს კოორდინირებას გაუწევს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქ-ნი ეკა ბესელია, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშავებენ გრძელვადიან, მკაფიო ხედვას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას, ასევე ბავშვთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა პრაქტიკების აღმოფხვრას.