საქართველოს მთავრობა – სიახლეები

სოფო ჯაფარიძემ კონფერენცია - „მონაცემები და ანალიზი გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის“ გახსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-17

„მონაცემები და ანალიზი გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის" - ამ თემაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა  და გენდერული თანასწორობის საკითხებში და უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ კონფერენცია გახსნა.

კონფერენციაზე წარადგინეს ორი მნიშვნელოვანი კვლევა - „2014 წლის საყოველთაო აღწერის ანალიზი გენდერულ ჭრილში" და „სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა დაბადებისას საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა". 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებზე დაყრდნობით, მთავარ საკვლევ საკითხებს ქორწინების სტატუსი, შობადობა, ოჯახის სტრუქტურა, განათლების დონე, სიკვდილიანობა, მიგრაცია, სპეციალური საჭიროებების მქონე ჯგუფები, ეკონომიკური აქტივობა და დასაქმება წარმოადგენდა.

რაც შეეხება საქართველოში დაბადებისას სქესთა დარღვეული რაოდენობრივი თანაფარდობის საკითხს, აღნიშნული მონაცემები მოხვდა ცალკე მომზადებულ კვლევაში - „სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობა დაბადებისას საქართველოში - 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დაფუძნებული მიმოხილვა" .

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა  და გენდერული თანასწორობის საკითხებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის კვლევის შედეგების და მონაცემების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კონფერენციაში პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სამეცნიერო წრეების, კვლევითი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ღონისძიება გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის თანამშრომლობით გაიმართა.