საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციაში ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მე-3 სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-09

„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ" საქართველოს კანონის იმპლემენტაციის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე და მიმდინარე გამოწვევებზე იმსჯელეს გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მე-3 სხდომაზე, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.

სხდომაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე უძღვებოდნენ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესის შესახებ ისაუბრა. ეკა ბესელიამ რეფორმის განხორციელების პროცესში ხაზი გაუსვა კომისიის, როგორც სამთავრობო უწყებების მაკოორდინირებელი მექანიზმის მნიშვნელობას.

სხდომაზე ასევე განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ბავშვთა უფლებების თავის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო ნაბიჯები. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ბავშვთა ძალადობისგან დაცვის გლობალური პარტნიორობის ინიციატივაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც ბავშვთა ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ კომპლექსური კვლევის ჩატარებას და შესაბამისი სამოქმედო გეგმის განვითარების გულისხმობს.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა სხდომის მონაწილეებს გააცნო ძირითადი საკითხები სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშიდან - „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ".

არასამთავრობო ორგანიზაციის - "ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფებისათვის" წარმომადგენელმა ტატო ქელბაქიანმა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ დაფინანსებული კვლევის, „არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში" ძირითადი საკითხების პრეზენტაცია გამართა.

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომას ასევე დაესწრნენ სახალხო დამცველის აპარატისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები.

უწყებათაშორისო კომისია 2016 წლის დეკემბერში შეიქმნა და მის ძირითად ფუნქციას ეროვნულ დონეზე გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის განხორციელების პროცესის კოორდინირება წარმოადგენს. აღნიშნული მექანიზმის შექმნა გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის და გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციას წარმოადგენდა.