საქართველოს მთავრობა – სიახლეები

„ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-10-20

"ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, საქართველოს მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფიო ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა, კომისიაში ექსპერტებად ჩართული სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების კონკრეტული საჭიროებების საფუძველზე,  სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით შემუშავდება. მუშაობისას გათვალისწინებული იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები და  სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. ღონისძიებები ეროვნული პოლიტიკისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით დაიგეგმება. 
 
სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესი დევნილ, იძულებით გადაადგილებულ და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან კონსულტაციებით გაგრძელდება. შემდეგ ეტაპზე გეგმა განსახილველად არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციებს წარედგინება. ფართო კონსულტაციები და  საჯარო განხილვები ნოემბერში დასრულდება, გეგმა კი დეკემბერში დამტკიცდება.
 
"ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს #1325 და შემდგომი რეზოლუციების განხორციელების ვალდებულება საქართველომ 2012 წელს აიღო, პირველი სამუშაო გეგმა დაამტკიცა  და ლიდერი გახდა რეგიონში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევით, როგორიცაა ქალების აქტიური როლი კონფლიქტების პრევენციაში, სამშვიდობო მოლაპარაკებებში, კონფლიქტის შემდგომ რეკონსტრუქციაში.
 
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მანდატით სამოქმედო გეგმის შემუშავების ტექნიკური მხარდამჭერია გაეროს ქალთა ორგანიზაცია.