ნატალია ჯალიაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა  ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-14

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელმა ნატალია ჯალიაშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 12 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა.

სხდომაზე საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს  რეზოლუცია 1325-ის განხორციელების საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრას პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე ჩატარდა და მას ალიანსის ინტეგრაციის, პარტნიორობებისა და თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელი იაროსლავ სკონიეჩკა თავმჯდომარეობდა. 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაკა პეტრიაშვილი. 

საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრაზე მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით არსებული გამოწვევებისა და საქართველოს მთავრობის მიერ ამ კუთხით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება  გამახვილდა მართლმსაჯულების სფეროში გატარებული რეფორმების, მედიათავისუფლების განმტკიცების მიზნით გადადგმული ნაბიჯების, გენდერული თანასწორობის,  შრომის უსაფრთხოების დაცვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების განმტკიცებისა და გაეროს რეზოლუცია 1325-ის პრინციპების საქართველოში დანერგვის თაობაზე. მოკავშირეებმა შეხვედრაზე განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების განმტკიცების კუთხით გადადგმული ნაბიჯები.