საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-08-02

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებული არსებითი ნაბიჯები და სამომავლო გეგმები განიხილეს უწყებათაშორისი კომისიის პირველ სხდომაზე, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კომისიამ იმსჯელა სამი თემატური ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელთა მუშაობაში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

როგორც კომისიის თანათავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, თემატური ჯგუფების შექმნა შესაბამისობაშია იმ მთავარ სეგმენტებსა და სამოქმედო გეგმების შესრულებასთან, რაც კომისიის მანდატშია.
„საუბარია სამოქმედო გეგმებზე - გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე - გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის ვალდებულებების რეალიზაციაზე", - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
სხდომაზე აღინიშნა, რომ კომისიის მანდატით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება უწყებების კოორდინირებულ მუშაობას.

„მნიშვნელოვანია, უწყებებმა იმუშაონ კოორდინირებულად და სწორად განახორციელონ როგორც ამ მიმართულებით არსებული გეგმები, ასევე - მათი შესრულების მონიტორინგი. კომისიის პირველი სხდომა სწორედ იმას შეეხებოდა, რომ სწორად დავგეგმოთ ჩვენი საქმიანობა, შეჯერდეს და გაიწეროს ის ქმედებები, რომლებზეც შემდგომში საბჭო და ცალკეული უწყებები მოახდენენ რეაგირებას. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროცესს იმისთვის, რომ ამ საქმიანობას საპარლამენტო მხარდაჭერაც ჰქონდეს", - განაცხადა კომისიის სხდომის შემდეგ დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის დებულება მთავრობის 2017 წლის 12 ივლისის დადგენილებით დამტკიცდა.

კომისიის მანდატში ერთიანდება გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. კომისია ასევე იმუშავებს, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა - გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა გაძლიერების სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია; გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ქალთა გაძლიერების საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავება, საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენა და სხვა. კომისია წარმოადგენს სტამბოლის კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ მაკოორდინირებელ ორგანოს, რომელიც კონვენციის მოქმედების სფეროში შესული საკითხების შესრულებასაც დააკვირდება.

უწყებათაშორის კომისიაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის, სსიპ-იურიდიული დახმარების სამსახურის, სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები იმყოფებიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური