საქართველოს მთავრობა – სიახლეები

დემოკრატიული და საჯარო მმართველობის რეფორმაზე დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-16

 

საქართველოს მთავრობამ, დემოკრატიული და საჯარო მმართველობის რეფორმის საკითხებზე საგარეო დახმარების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დონორთა თემატური საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი და გაეროს კოორდინატორი ნილს სკოტი უძღვებოდნენ, ძირითადი განსახილველი თემები იყო - პოლიტიკის განვითარება და კოორდინაცია, საჯარო სამსახურის რეფორმა და ადამიანური რესურსის მართვა, საჯარო ფინანსების მართვა, ანგარიშვალდებულება, ღია მმართველობა და ანტიკურუფციული ზომები.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს სახელმწიფო სერვისების მიწოდებასა და ბიზნესსახლის პროექტზე, რომელიც მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მოცულობითი მიმართულების - მმართველობის რეფორმის ნაწილია.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და შერიგების მიმართულებით.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ეგიდით, ყოველწლიურად 6 თემატური საკოორდინაციო შეხვედრა იმართება, რომლებიც ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას, ეკონომიკურ ზრდას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, სოციალურ კეთილდღეობას, კანონის უზენაესობასა და მართლმსაჯულებას და დემოკრატიულ მმართველობას ეძღვნება.