საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-13

მუნიციპალიტეტებსა და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისთვის ტრენინგების ციკლი დაიწყო. ტრენინგები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვა და მისი ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში ტარდება.

ტრენინგების მთავარ მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კანონმდებლობით არსებული გარანტიების და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მუნიციპალიტეტებსა და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება. ამ მიზნით, დაგეგმილია შესაბამისი თემატური ტრენინგების ორგანიზება ქალაქ თბილისში და ასევე, ქვემო-ქართლის, კახეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.
პროექტის ფარგლებში პირველი თემატური ტრენინგები 13-14 თებერვალს, ქალაქ რუსთავში გაიმართება. მიმდინარე წლის მარტის თვის ჩათვლით, შესაბამისი ტრენინგები ჩატარდება, ქალაქ თბილისის, თელავის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების გაძლიერება და მათთვის ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიითა და შესაბამისი სამთავრობო გეგმით განსაზღვრული მიზნების და ამოცანების შესრულების პროცესს.

აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ორგანიზებით და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა UK aid-ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.