საქართველოს მთავრობა – სიახლეები

უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-16

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის 1-ელი სხდომა გაიმართა.

კომისიის სხდომას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე უძღვებოდნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა კომისიის მიზნები, სტრატეგია და მუშაობის სპეციფიკა. კომისიის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოთქვა სურვილი შეიმუშავოს კომისიის მუშაობის სამოქმედო გეგმა და ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს აღნიშნულ მექანიზმს.

სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის ბავშვთა უფლებების თავის განვითარების მნიშვნელობაზე და ამ კუთხით კომისიის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. სხდომაზე საუბარი შეეხო 2017 წლის 25 იანვარს გაეროს შესაბამის კომიტეტში გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის შესრულების შესახებ საქართველოს მეოთხე პერიოდული ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლაილა ომარ გადმა სხდომის მონაწილეობს გააცნო ძირითადი თემები, რომლებიც გაეროს ბავშვის ფონდის მოსაზრებით განიხილება გაეროს შესაბამის კომიტეტში.

უწყებათაშორისი კომისიის 1-ელ სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელები. ამასთან, სხდომას დაესწრნენ სახალხო დამცველის აპარატის, საქართველოს მთავარი პროკურატურის და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები.

უწყებათაშორისი კომისია გასული წლის დეკემბრის თვეში საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული მექანიზმის შექმნა გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის და გაეროს ბავშვთა ფონდის მრავალწლიან რეკომენდაციას წარმოადგენდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური