საქართველოს მთავრობა – სიახლეები

შეხვედრა გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-19

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებლ დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა.

სოფო ჯაფარიძემ დუბრავკა სიმონოვიჩს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობებზე. საუბარი შეეხო, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს, საბჭოსთან არსებული საკონსულტაციო ჯგუფისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის საქმიანობას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2013-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაზე და 2016-2017 წლების ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე.

სოფო ჯაფარიძემ ასევე ისაუბრა გაერო-ს სააგენტოთა მიერ მომზადებულ კონცეფციაზე, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერებას ეხება. აღნიშნული მექანიზმის ამუშავებისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების არსებულ სერვისებზე და მათი გაუმჯობესების მიზნით დასახულ გეგმებზე.

პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა განიხილეს ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენცია) რატიფიკაციის მიზნით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე.

დუბრავკა სიმონოვიჩი, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო-ს სპეციალური მომხსენებელის რანგში, პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს.