საქართველოს მთავრობა – სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლატვიის სახელმწიფო კანცელარიის დირექტორს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-11-30

  3 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო კანცელარიის დირექტორს მარტინს კრიევინსს და ლატვიის საჯარო მმართველობის სკოლის ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს  საჯარო მმართველობის, საჯარო სამსახურის, ელექტრონული მმართველობის რეფორმებზე, ურთიერთგამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  ლატვია დაინტერესებულია,  გაიზიაროს საქართველოს გამოცდილება მოქალაქეთა მომსახურების სფეროში და გაუზიაროს ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება სხვადასხვა პროექტებში, რაც დაეხმარება მას ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მისაღწევად.

„ჩემთვის, როგორც ლატვიის  სახელმწიფო კანცელარიის დირექტორისთვის, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ვისწავლოთ საქართველოსგან, განსაკუთრებით  მოქალაქეთა მომსახურების სფეროში, ასევე გავუზიაროთ საქართველოს ლატვიის გამოცდილება ევროინტერაციის და სხვა რეფორმების გზაზე," - განაცხადა მარტინს კრიევინსმა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით, საქართველოსა და ლატვიის მთავრობების ადმინისტრაციებს ბევრი საერთო  პროექტი აქვთ, რომლებიც შეეხება საჯარო მმართველობის, საჯარო სამსახურის,ელექტრონული მმართველობის რეფორმებს, ასევე საჯარო სამსახურის სხვა ასპექტებს, რაც საქართველოს ძალიან დაგეხმარება ევროინტეგრაციის მიმართულებით წარმატებისთვის. 

„მოგეხსენებათ, ლატვიამ გაიარა იგივე გზა, რასაც ჩვენ გავდივართ. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება მათი გამოცდილების გაზიარება,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.