საქართველოს მთავრობა – სიახლეები

შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2015-10-09

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დასადგენად საჭირო პროცედურების მწარმოებელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის სამდივნოს წარმომადგენელიც ესწრებოდა.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო იმ პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა. პრობლემათა ნაწილის მოგვარება მსხვერპლის სტატუსის დასადგენად საჭირო პროცედურების მწარმოებელ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეკომენდაციების მიცემის საფუძველზე გახდა შესაძლებელი, ნაწილის მოგვარებას კი საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის N 684 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა დაჭირდება. შეხვედრის მონაწილეებმა სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის საქმიანობის დახვეწისა და გაუმჯობესების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი საქმიანობას 2015 წლის 10 ივლისიდან შეუდგა და დღევანდელი მონაცემებით უკვე 10 პირს მიანიჭა მსხვერპლის სტატუსი. სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი ოჯახში ძალადობის სტატუსის მიმნიჭებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილი ორგანოების ალტერნატივაა. ჯგუფი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი 12 წევრისგან შედგება, რომლებიც არიან სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, იურისტები, ექიმები და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლს შეუძლია ჯგუფისათვის მიმართვა, როგორც უშუალოდ, შესაბამისი ინფორმაციის და შევსებული საიდენტიფიკაციო კითხვარის მიწოდების გზით, ისე იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც შეირჩნენ კონკურსის შედეგად.

საიდენტიფიკაციო კითხვარის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან http://www.atipfund.gov.ge/

საიდენტიფიკაციო კითხვარის შევსებაში დახმარების საჭიროების შემთხვევაში, პირს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე 2 309-903 და ოპერატორის დახმარებით გადამისამართდეს შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციაში. საიდენტიფიკაციო კითხვარის მიწოდება უნდა მოხდეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფისათვის მისამართზე: 0114 თბილისი, ინგოროყვას ქ.#7. კონვერტზე უნდა მიეთითოს: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია; ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი.