საქართველოს მთავრობა – სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია

2015-07-08

გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიის განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას - „საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების მედიაში" და განცხადებებს, რომლებიც აღნიშნული კვლევის შედეგებს ეყრდნობა.
უპირველეს ყოვლისა, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არც ერთი მედიასაშუალება, სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, პრივილეგირებული მიდგომით არ სარგებლობს. ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვის თავისუფლებას და უზრუნველვყოფთ თანაბარ პირობებს ყველა მედიასაშუალებისთვის.
რაც შეეხება MDF-ის კვლევაში დასახელებული მედიასაშუალებების საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსების საკითხს, საუბარია არა კონტრაქტებზე, არამედ, ბეჭდური პრესის გამოწერაზე, განურჩევლად მათი საინფორმაციო პოლიტიკისა. ცალკეულ სახელმწიფო უწყებებს გამოწერილი აქვთ ყველა ბეჭდური გამოცემა, მათ შორის „საქართველოს რესპუბლიკა", „ასავალ-დასავალი", „ტაბულა" და ა.შ.
აქვე განვმარტავთ, რომ ამ შემთხვევაში, ხელშეკრულება ფორმდება პრესის გამავრცელებლებთან და არა - ამა თუ იმ მედიასაშუალებასთან.
მედიის დამოუკიდებლობა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის გარშემოც ყველა სახელმწიფო უწყება ერთიანია.