2010 წლის 28 დეკემბრის მთავრობის სხდომა

 

2010 წლის 28 დეკემბრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 28 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 78 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა 2010 წლის შედეგები შეაჯამა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მოგესალმებით.

2010 წელი მთავრდება. (დღეს) 2010 წელს ერთერთი ბოლო მთავრობის სხდომაა. გარკვეულ შედეგებზე ლაპარაკი და 2010 წლის შეჯამება შეგვიძლია დავიწყოთ. აუცილებლად ცალკე შეხვედრა ჟურნალისტებთან მექნება, სადაც დეტალებში გავივლი იმ საკითხებს, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს. აუცილებლად ვილაპარაკებთ 2010 წლის შედეგებზე, რა გვინდოდა გაგვეკეთებინა, რა გავაკეთეთ, რა ვერ შევძელით, რისი გაკეთება გვინდა 2011 წელს.

ყველა მინისტრს ვთხოვ თავისი სამინისტროს საქმიანობის შესახებ დეტალური და სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას: რა გაკეთდა 2010 წელს, რა შედეგები გვაქვს, რა ვერ გაკეთდა, რა პრობლემები გვქონდა, რისი გაკეთება გვინდა 2011 წელს.

დღეს საზოგადოებას სტატისტიკური მონაცემები მინდა წარვუდგინო, 2010 წლის შედეგები, მაკროეკონომიკური პარამეტრები. ეს აინტერესებს როგორც საზოგადოებას, ასევე კერძო სექტორს და ბიზნესმენებს.

ძირითადი მაჩვენებლები არის ძალიან კარგი, პოზიტიური, ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ველოდებოდით, თუმცა არის 1-2 პარამეტრი და მაჩვენებელი, სადაც ვისურვებდი, რომ უკეთესი მაჩვენებელი და პარამეტრი გვქონდეს.

კარგი არის ის, რომ 3 კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი არის 6,5%-ი. 2010 წლის წლიური (მაჩვენებელი), სავარაუდოდ, იქნება 6,5%-ის მიდამოებში, სადღაც 6,3%-ი და უფრო მაღალი. ეს ძალიან კარგია.

გაგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, ზუსთად 12 თვის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ბჭობა გვქონდა იმის შესახებ, 2010 წლის ზრდა იქნებოდა 1,5%-იანი, თუ 2,5%-იანი. ბოლოს 2%-ზე შევჩერდით.

არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის და საერთაშორისო ექსპერტების საწყისი მოლოდინი იყო ის, რომ ქვეყანას ექნებოდა 2%-იანი ეკონომიკის ზრდა. დღეს ვასრულებთ წელს 6,5%-იანი ეკონომიკური ზრდით, რაც ცუდი არ არის. ეს
გარკვეულ ოპტიმიზმს გვაძლევს მომავალი წლის ეკონომიკურ ზრდაზე.

რა იყო ეკონომიკური ზრდის მთავარი წამყვანი და მამოძრავებელი? ეს რამოდენიმე მიმართულებაა. პირველი იყო ექსპორტი. ექსპორტი გაიზარდა 35%-ით. 2010 წლის მაჩვენებლით საკმაოდ კარგი ზრდაა; ეს იყო საბანკო სექტორი, დეპოზიტები, საკრედიტო პორტფელი არის რეკორდულად მაღალი, რაც კი ოდესმე ქონია საქართველოს საბანკო სექტორს, დეპოზიტები გაზრდილია წლის დასაწყისთან მიმართებაში 27%-ით, კრედიტები გაზრდილია 18%-ით.

ერთერთი მთავარი მამოძრავებელი იყო ტურიზმი. ნამდვილად არ ველოდებოდით ამდენ ვიზიტორს ამ წლის განმავლობაში. ძალიან კარგია, რადგანაც ეს არის ჯანსაღი ბიზნესი, რომელსაც ძალიან კარგი და პოზიტიური გავლენა ქონდა ეკონომიკაზე. ვიზიტორთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 40%-ით, რაც ასევე ძალიან მაღალი ციფრია.

ზრდა გვქონდა რეალურ სექტორში. ავტომობილების და უძრავი ქონების რეგისტრაცია რომ ავიღოთ, ორივე მიმართულებაში ზრდა არის 20-21%-იანი, რაც ასევე ჯანსაღია და კარგად იმოქმედა ეკონომიკაზე.

მინდა დავასახელო ორი ციფრი: ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ბიუჯეტის დეფიციტი. საბიუჯეტო დეფიციტი ძალიან მაღლი გვქონდა გასულ 2009 წელს 9,2%-ი იყო, წლევანდელი წელი დაგეგმილი გვქონდა 7,4%-ზე. მაგრამ ვასრულებთ ისე, რომ გვექნება 6%-იანი საბიუჯეტო დეფიციტი, რაც არ არის ცუდი ციფრი. 33%-იანი შემცირებაა საბიუჯეტო დეფიციტის 2009 წელთან შედარებით.

ბოლოს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, აქ ერთერთი კარგი მაჩვენებელი გვაქვს - დაახლოებით 11,2%-ი იქნება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2010 წელს.

რა არის ცუდი მაჩვენებელი, რას ვისურვებდი, რომ უკეთესი იყოს? - ეს არის კერძო პირდაპირი ინვესტიციები, ე.წ. FDI. რაც 3 კვარტლის მონაცემებით არის დაახლოებით 450-560 მლნ დოლარი, რაც არ არის დიდი ციფრი და ვისურვებდი უფრო მეტი ყოფილიყო. მეოთხე კვარტალს ველოდებით, რომ უკეთესი იქნება, თუმცა 2010 წლის ჯამური კერძო პირდაპირი ინვესტიციები არც თუ ისე მაღალი იქნება, უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო. იმედი მაქვს, რომ 2011 წელს უკეთესი იქნება.

ამ შემთხევვაში FDI ჩაანაცვლა უცხოურმა შემოდინებებმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ანუ საკმაოდ დიდი თანხები მივიღეთ მსოფლიო ბანკისგან, EBRD-ისგან, აზიის განვითარების ბანკისგან. უცხოური შემოდინებები საკმაოდ მაღალი იყო მიუხედავად იმისა, რომ კერძო შემოდინებები არც თუ ისე მაღალი იყო.

მეორე პარამეტრი, რომელიც სასურველი იქნებოდა უკეთესი რომ ყოფილიყო არის ინფლაცია. ინფლაციის მაჩვენებელი ჯერჯერობით არის 10,5%-ზე, დაახლოებით ასეთივე იქნება 2010 წლის შედეგი. ეს ცუდად აისახება მოსახლეობაზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ გაიზარდა საკვები პროდუქტების ფასები, გაიზარდა პირველადი მოხმარების საგნების ფასები.

ვაკეთებთ ყველაფერს, რაც მთავრობას შეუძლია, ნამდვილად შეუძლებელია ინფლაცია შევაჩეროთ ან ფასების რეგულაცია შემოვიტანოთ, ფასები ქვევით დავწიოთ. ეს არ არის მთავრობის კომპეტენცია, ეს გამოწვეულია საერთაშორისო ბაზრების ინფლაციით, რაც საქართველოშიც აისახება. უკვე გვაქვს ის პროგრამები, რომლებიც აუცილებელია მოსახლეობისთვის ფასების ზრდის პრობლემის შესამსუბუქებლად. გვაქვს სოფლის მეურნეობის პროგრამები, რომლებიც ემსახურება იმას, რომ 2011 წლიდან ჩანაცვლდეს იმპორტირებული საქონელი ადგილზე ნაწარმოები საქონელით. "

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური