2010 წლის 1 დეკემბრის მთავრობის სხდომა

2010 წლის 1 დეკემბრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 1 დეკემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 77 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა IFC-ის, მსოფლიო ბანკის და საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ისაუბრა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მსოფლიო ბანკის კონფერენციას მინდა გამოვეხმაურო, რომელიც თბილისში მოეწყო. თბილისში ბოლო დღეების განმავლობაში 30 ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩამოსული. 2005-2010 წლების განმავლობაში გატარებული რეფორმების მიხედვით მსოფლიო ბანკმა საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორად დაასახელა. ამ კუთხით 175 ქვეყანა შეისწავლეს. მსოფლიო ბანკმა საქართველო განსაზღვრა იმ ქვეყნად, სადაც ყველაზე მეტი რეფორმა გაკეთდა, რათა კერძო სექტორს ბიზნესის კეთება გაუმარტივდეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრები, კონფერენცია. ჩამოსული იყო 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი. მათ შეისწავლეს ფინანსთა სამინისტროში, შემოსავლების სამსახურში, შსს-ში და იუსტიციის სამინისტროში გატარებული რეფორმები. ჩემთან შეხვედრის დროს აღნიშნეს, რომ საკუთარ ქვეყნებში ძალიან ბევრ რეფორმას კოპირებას გაუკეთებენ.

ამ რეგიონში საქართველო რჩება რეფორმების ერთერთ მთავარ „ექსპორტიორად", რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებისთვის და საერთაშორისო პოლიტიკისთვის.

რაც შეეხება დღევანდელი მთავრობის საკითხებს, დღევანდელ მთვრობაზე ერთერთი მთავარი საკითხია შემოსავლების სამსახურის რეფორმირების პრეზენტაცია. ბევრი კარგი ნაბიჯი გადაიდგა ამ სამსახურში, ბერვი კარგი რეფორმა გაკეთდა. თუმცა რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი კიდევ არის გადასადგმელი. განსაკუთრებით ეს ეხება ადმინისტრირების გამარტივებას, ადმინისტრირების ავტომატიზაციას. ამის შესახებ მთავრობაზე ფინანსთა მინისტრს და შემოსავლების სამსახურის უფროსს პრეზენტაცია ექნებათ.
მინდა ორივეს ვთხოვო, ეს პრეზენტაცია საზოგადოებასაც წარუდგინონ, რომ ყველამ კარგად იცოდეს ის ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ ამ მიმართულებით. რა რეფორმები გავატარეთ და უახლოეს მომავალში რა რეფორმების გატარებას ვაპირებთ ამ ნაწილის გამარტივებისთვის, რომ კერძო სექტორმა იგრძნოს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შემოსავლების სამსახურში."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური