საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 22 ნოემბრის მთავრობის სხდომა

2010 წლის 22 ნოემბრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 22 ნოემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 40 საკითხი იყო შეტანილი.  დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მთავრობის სხდომის საკითხების განხილვამდე, გასული კვირის მოვლენებს მინდა გამოვეხმაურო. საქართველოს საერთაშორისო დიპლომატიის ისტორიაში გასული კვირა იყო ერთერთი ყველაზე მნიშვნელვანი და წარმატებული. გასულ კვირას ვარშავაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩატარდა, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს მხარდაჭერას, საქართველოს ტერიტორიული ინტეგრაციის მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ ტერმინოლოგიას, რომელიც საერთაშორისო პოლიტიკაში უკვე დამკვიდრდა - ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების ტერმინოლოგია. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოხსენიებულია, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები და რუსული ჯარი, როგორც ოკუპანტი.

გასულ კვირას იყო შეხვედრები ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს საერთაშორისო საზოგადოების და ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. გასულ კვირას იყო ნატო-ს სამიტი, სადაც კიდევ ერთხელ ნატო-ს ორგანიზაციამ და წევრმა ქვეყნებმა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მზადყოფნა დააფიქსირეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბები გასული კვირის განმავლობაში მოხდა.

გასული წლების განმავლობაში გარკვეული ძალები ცდილობდნენ საქართველო საერთაშორისო პოლიტიკას ჩამოეშორებინათ. ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ გამოუვიდათ. დღეს საქართველო არის ერთერთი მთავარი თემა საერთაშორისო პოლიტიკაში და საკმაოდ წარმატებული თემა.

გარდა ამისა, მინდა გამოვეხმაურო ჩვენი მინისტრთა კაბინეტის ცვლილებებს. თემურ იაკობაშვილი, მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იქნება. მინდა მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ სამუშაოსთვის, რომელიც მან ჩაატარა სახელმწიფო მინისტრად და ვიცე-პრემიერის პოსტზე მუშაობის პერიოდში.

ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნა შედგენილი მისი მინისტრობის განმავლობაში, ეს არის დოკუმენტი „სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ", რომელიც იქნა წარდგენილი ძალიან ბევრ ქვეყანაში. ამ დოკუმენტს დიდი მოწონება აქვს მოპოვებული. ამ სტრატეგიას გავაგრძელებთ თემურის წასვლის შემდეგ.

თემურის ადგილს დაიკავებს კიდევ ერთი ქალბატონი, უკვე სამი ქალბატონი გვეყოლება მინისტრთა კაბინეტში, ეკა ტყეშელაშვილი. ყველაზე რთული სამინისტროები ქალბატონებს ჩავაბარეთ: რეინტეგრაცია, ეკონომიკა, სასჯელაღსრულება.

წარმატება მინდა ვუსურვო თემურს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა, ძალიან საინტეერსო საქმე ქონდა მას აქ და ძალიან საინტერერსო საქმეები ელოდება აშშ-ში. "

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური