საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 28 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2010 წლის 28 სექტემბრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 28 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 51 საკითხი იყო შეტანილი.  დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველოში რთველის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბაკურს მინდა ვთხოვო, რთველის შესახებ მთავრობის წევრებს და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს, თუ როგორ მიმდინარეობს რთველი კახეთში და რაჭაში.
მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა, რომ გასული წლების განმავლობაში რთველის პერიოდი, სექტემბერი ყველაზე რთული თვე იყო. რთული ეკონომიკურად, პოლიტიკურად და გარკვეულწილად, სოციალურად. ბოლო 2 წლის განმავლობაში ეს პრობლემები თითქმის მოიხსნა, რადგანაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პერიოდისთვის და რთველითვის ბევრად უკეთესად არის მომზადებული. შესაბამისად, ბაკურს მადლობა მინდა ვუთხრა.

მნიშვნელოვანია, რომ მოხერხრდა ღვინის ექსპორტის გაზდა როგორც ევროპაში, ასევე მთელს მსოფლიოში. ამან ყურძენზე მოთხოვნის გაზრდა გამოიწვია.
ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით კიდევ ახალი გეგმები გვაქვს. გასულ წელთან შედარებით ღვინის ექსპორტი 25%-ით უკვე გაზრდილია, აგრეთვე გაზრდილია იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ექსპორტს ვახორციელებთ.

მიმდინარეობს ახალი ქვეყნების ათვისება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში რთველის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას, ჯანსაღი ბაზარი ჩამოყალიბდეს, სადაც ყურძენზე მაღალი მოთხოვნა იქნება. ქართულ ღვინოზე მსოფლიოში არის მაღალი მოთხოვნა.

ეს არის ის მიზანი, რომელსაც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში ვახორციელებთ, მას მივაღწიეთ და შედეგიც სახეზე გვაქვს - რთველის პრობლემა მოხსნილია.

მინდა კიდევ ერთ პრობლემას გავუსვა ხაზი, ეს არის თურქეთის ბაზარი. ჩვენ თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე გვაქვს მოწერილი ხელი. ამ ხელშეკრულების მიხედვით, თურქეთში მილიონი ლიტრი ღვინო ყველანაირი საბაჟო მოსაკრებლის გარეშე შეგვიძლია გავიტანოთ. აღსანიშნავია, რომ თურქეთში ღვინოზე საბაჟო მოსაკრებელი საკამოდ მაღალია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მხოლოდ 40-50 ათას, მაქსიმუმ 60 ათას ლიტრის კვოტას ვითვისებთ. ეს ძალიან ცოტაა.

ამასთან დაკავშირებით დავალება მინდა მოგცე, ბაკურ - უახლოეს მომავალში უნდა შეხვდე თურქ კოლეგას, ვაჭრობის მინისტრს და მაქსიმალურად გავაკეთოთ, რომ ეს ბაზარი უფრო მეტად ავითვისოთ და გავხსნათ.

ჩვენს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების მიხედვით, ბევრად უფრო მეტი ღვინის გატანა შეგვიძლია ამ ბაზარზე. მოთხოვნა არის, განსაკუთრებით იქედან გამომდინარე, რომ აქ (თურქეთში) საზაფხულო კურორტებზე ძალიან ბევრი დამსვენებელია პოსტ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. ქართულ ღვინოს მათთან არანაირი დამატებითი სარეკლამო კამპანია არ სჭირდება.

თქვენი ახალი მიზანი უნდა იყოს თურქეთის ბაზრის მაქსიმალურად ათვისება და აშშ-ში სარეკლამო კამპანიის უფრო გააქტიურება და ღვინის ექსპორტის გაზრდა".

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური