საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 21 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2010 წლის 21 სექტემბრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 21 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 43 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი. 

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„მთავრობის სხდომის საკითხების განხილვის დაწყებამდე, რამოდენიმე საკითხზე საზოგადოებას ინფორმაცია მინდა მივაწოდო. პირველი მაკროეკონომიკურ მონაცემებს შეეხება.
„საქსტატმა"მეორე კვარტლის ეკონომიკის კვლევა დაასრულა. საბოლოო შედეგით კვარტალი 8,4 %-ით გაიზარდა. რეგიონში და შეიძლება მსოფლიოშიც ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

ჯამურად გამოვიდა, რომ ექვსი თვის მაჩვენებლის მიხედვით ეკონომიკურმა ზრდამ 6,5%-ი შეადგინა. ეს მთლიანი შიდა პროდუქტი ზრდის ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
ეს ზრდა რამოდენიმე მიზეზით არის გამოწვეული. ერთი მიზეზია ის, რომ გასული წლის მეორე კვარტალში საკმაოდ ცუდი მაჩვენებელი გვქონდა. გათვლებზე ამას, გარკვეულწილად, თავის შედეგი ქონდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტის, ტურიზმის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს, აგრეთვე ზრდა უცხოურ შემოდინებებშიც არის. მხედვლობაში მაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტები. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა პირველი ექვსი თვის განმავლობაში ამ მიმართულებებმა გამოიწვია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზრდა 6,5%-ზე დაფიქსირდა და ეს საკმაოდ კარგი ციფრია.

მეორე ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას მინდა მივაწოდო, განათლების სფეროს შეეხება. მინდა მოგახსენოთ, რომ განათლების სამინისტრომ Intel-თან მოლაპარაკებები დაასრულა. ამ მოლაპარაკებების შედეგად, რამოდენიმე კვირაში ხელშეკრულებას ხელი მოეწერება. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას დღეში 1 ლარად, განვადების პრინციპით, Intel-ის მიერ წარმოებული კომპიუტერის ყიდვა შეეძლება.

ეს არ არის პირველადი პროექტი, 90-იანი წლების ბოლოს აღმოსავლეთ ევროპაში რამოდენიმე კომპანიას (ამგვარი პროექტი) უკვე განხორციელებული აქვს, რაც საკმაოდ წარმატებული იყო.

პირველი ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობას კომპიუტერის დღეში 1 ლარად 2 წლიანი განვადებით შეძენა და გამოყენება შეეძლება ."

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური