საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის1 სექტემბრის მთავრობის სხდომა

2010 წლის1 სექტემბრის მთავრობის სხდომა 2010 წლის 1 სექტემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 29 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.  დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„საზოგადოებას, მაკროეკონომიკური ინფორმაცია მინდა მივაწოდო. ყურადღება ორ კონკრეტულ თემაზე მინდა გავამახვილო - ეს არის ინფლაცია და კერძო უცხოური შემოდინებები.

რაც შეეხება ინფლაციას, ინფლაციის ზრდის ტემპები აშკარაა. ეს საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდით არის გამოწვეული. რამოდენიმე კვირის წინ რუსეთის ბაზარი
ჩაიკეტა, ვგულისხმობ ხორბლის ექსპორტს. ხორბლის ექსპორტის მხრივ, უკრაინის ბაზრის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო მიღებული. თუმცა, ეს არ მოხდა.

პრეზიდენტისგან კონკრეტული დავალება გვქონდა მიღებული, ალტერნატიული ბაზრები უნდა მოგვეძებნა და საქართველოში ხორბლის შემოტანის დივერსიფიკაცია მოგვეხდინა.

გასული კვირის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ვიმუშავეთ და ერთერთი მთავარ მიმართულებად სწორედ უკრაინა ავირჩიეთ.

დამატებითი ხორბლის შემოტანაზე პირველადი თანხმობა მიღებულია. საუბარია 150 ათას ტონაზე. შესაბამისად, ეს შეამსუბუქებს იმ ვითარებას, რომელიც ქვეყანაში, ფასების ზრდის მიხედვით მომავალი 2-3 თვის განმავლობაში შეიძლება ჩამოყალიბებულიყო.

აგრეთვე, გვაქვს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელება წლევანდელი წლის დასაწყისში დავიწყეთ. სამოქმედო გეგმა გულისხმობს ხორბლის თესლის ჩანაცვლების პროგრამას. თესლის კულტურა უნდა განახლდეს, საქართველოში ახალი, ბევრად უფრო კარგი ხორბლის თესლი შემოგვაქვს და ფერმერებისათვის მისი დარიგება უახლოეს მომავალში დაიწყება.

იმისათვის, რომ სრული დივერსიფიკაცია გვქონდეს სოფლის მეურნეობის კულტურების მოწოდებისა ქვეყანაში, ახალ მომწოდებლებთან ვმუშაობთ ჩარჩო ხელშეკრულებებზე აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.
ის ფასები, რომელიც არის დაფიქსირებული და უკვე ინფლაციურია, იყო პანიკური. სპეკულაციური ზრდა ფასებზე, უკვე გადასულია და დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს არის კერძო პირდაპირი ინვესტიციები.

გასული 6 თვის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა პარამეტრის მიხედვით იყო ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის ზრდა: მთლიანია შიდა პროდუქტის, ექსპორტის, თითოეული ინდუსტრიის და სოფლის მეურნეობის დარგის.

ერთადერთი პრობლემური და კლებადი იყო საგარეო პირდაპირი ინვესტიციები. თუმცა, ეს ამ პერიოდის განმავლობაში დონორი ორგანიზაციების მიერ გადმორიცხული თანხებით იყო ჩანაცვლებული.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ მეორე კვარტლის მონაცემი, რომელიც არის ძალიან პოზიტიური. თუ პირველ კვარტალში ჯამური უცხოური შემოდინება 78 მლნ დოლარი იყო, მეორე კვარტლის ციფრი არის 198 მლნ დოლარი.

პირველი 6 თვის მაჩვენებელი ჯამში, 290 მლნ დოლარამდე ადის, რაც საკმაოდ კარგი ციფრია. ამ მიმართულებით პოზირტიური ზრდა გვაქვს. ვფიქრობ, რომ მესამე-მეოთხე კვარტლებში საქართველოში საგარეო პირდაპირი ინვესტიციები კიდევ უფრო გამოსწორებული იქნება. ეკონომიკამ აჩვენა ის, რომ საკმაოდ მდგრადია, 6 თვის განმავლობაში საკმაოდ კარგი ზრდაა დაფიქსირებული.
ერთადერთი ციფრი, რომელიც არ იყო დამაკმაყოფილებელი - საგარეო პირდაპირი ინვესტიციების ციფრი, რომელიც მეორე კვარტალში საგრძნობლად არის გამოსწორებული."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური