საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 9 ივლისის მთავრობის სხდომა

2010 წლის 9 ივლისის მთავრობის სხდომა 2010 წლის 9 ივლისს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა.დღის წესრიგში 74 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ახალ საგადასახადო კოდექსზე ისაუბრა:

"სანამ სხდომის საკითხებზე გადავალთ, საზოგადოების ყურადღება ახალ საგადასახადო კოდექსზე მინდა შევაჩერო.

რამოდენიმე კვირის წინ საზოგადოებას საგადასახადო კოდექსის პირველადი, სამუშაო ვარიანტი წარვუდგინეთ. ყველას ვთხოვეთ, მიეღო მონაწილეობა ამ კოდექსის ჩამოყალიბებაში. ბიზნეს
წარმომადგენლებთან, ინვესტორებთან, საზოგადოების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებთან რამოდენიმე პრეზენტაცია ჩავატარე, რამოდენიმე პრეზენტაცია ფინანსთა მინისტრმა ჩაატარა.
საგადასახადო კოდექსის სამუშაო ვარიანტი გმოქვეყნებულია როგორც მთავრობის გვერდზე, ასევე ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდებზე. ყველას ვთხოვეთ, რომ თავიანთი შენიშვნები გამოეგზავნათ.
500-ზე მეტი შენიშვნა, წინადადება და ახალი აზრი მივიღეთ ამ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით.
ყველა მათგანი გავიარეთ, როგორც ფინანსთა სამინისტროში, ასევე კანცელარიაში. აგრეთვე, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად შენიშვნები და წინადადებები გავიარე.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი (შენიშვნა) ერთნაირი შინაარისის იყო. შენიშვნების 80%-ი საგადასახადო კოდექსში უკვე გათვალისწინებულია. 20%-ია ისეთი, რომელსაც ვერ გავითვალისწინებთ სხვადასხვა მიზეზების გამო. ახალი, განახლებული ვარიანტი, შეთანხმებული ვარიანტი, ბიზნესთან შეთანხმებული ვარიანტი უკვე ვებ-გვერდზე დაიდება დღეს. ამიტომ, მინდა ვთხოვო საზოგადოების წარმომადგენლებს და ბიზნესის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ გადახედონ ამ შეთანხმებულ ვარიანტს. ჩვენ გვაქვს, დაახლოებით ერთი კვირა, (საგადასახადო კოდექსი) საბოლოოდ გავა პარლამენტის მეორე მოსმენაზე და საბოლოოდ შევჯერდებით უკანასკნლ შენიშვნებზე. ამიტომ, თუ არის კიდევ რამე ახალი წინადადებები, ახალი შენიშვნები, გთხოვთ მოგვაწოდოთ.

ყველას ერთად კიდევ ერთი კვირა გვაქვს იმისათვის, რომ დავხვეწოთ და საბოლოო სახე მივცეთ იმ საგადასახადო კოდექსს, რომელიც ძალაში შევა მომავალი წლის 1 იანვრიდან. თუმცა, ამ ახალი საგადასახადო კოდექსის გარკვეული მუხლები ძალაში ამა წლის 1 აგვისტოდან შევა."

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური