საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 10 ივნისის მთავრობის სხდომა

2010 წლის 10 ივნისის მთავრობის სხდომა 2010 წლის 10 ივნისს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში 79 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ახალ საგადასახადო კოდექსზე ისაუბრა:

„საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ ახალ საგადასახადო კოდექსზე მინდა შევაჩერო.

ჩვენი მთავრობის მიზანი, ეკონომიკური პოლიტიკა, როგორც მოგეხსენებათ, ერთ მთავარ რამეზეა დაფუძნებული - კერძო სექტორს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, კერძო სექტორი იყოს წამყვანი, შექმნას სამუშაო ადგილები და ამით ვებრძოლოთ უმუშევრობას.

როგორც გამოირკვა, ერთერთი მთავარი პრობლემა მაინც საგადასახადო კოდექსია. გასული წლების განმავლობაში, 2-3 წლის განმავლობაში საგადასახადო კოდექსში ბევრი ცვლილება შევიტანეთ. აღმოჩნდა, რომ ბაზისი საგადასახადო კოდექსისა საკმაოდ მოძველებულია. ამიტომ, საზოგადოებას სრულიად ახალ დოკუმენტს ვთავაზობთ.

გასული თვეების განმავლობაში კერძო სექტორთან ერთდ ვიმუშავეთ, საქართველოს საზოგადოების სამსჯავროზე სრულიად ახალი დოკუმენტია წარდგენილი. ყველას მინდა ვთხოვო - ბიზნესმენს, ინვესტორს, დაინტერესებულ პიროვნებას, მაქსიმალური ყურადღებით წაიკითხოს ეს ახალი დოკუმენტი და შენიშვნები, მოსაზრებები მოგვაწოდოს.

კერძო სექტორისთვის ეს დოკუმენტი ძალიან ბევრ კარგ და დადებით სიახლეს შეიცავს. მაგალითად, მიკრო ბიზნესის ცნების, მცირე ბიზნესის ცნების, წინასწარი გადაწყვეტის ცნების შემოღება. ანუ, ბიზნესს ექნება საშუალება წინასწარ მიმართოს ფინანსთა სამინისტროს, დაუსვას კითხვა და ამ კითხვაზე პასუხის მიღების შემდეგ, ეს პასუხი გამოიყენოს კანონად, რასაც ვეღარავინ შეედავება.
ახალ საგადასახადო კოდექსში ძალიან ბევრი ასეთი ცვლილებაა წარმოდგენილი, რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესის განვითარებას.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე. გვინდა, რომ ადამიანის მაქსიმალური რაოდენობა ჩაებას ამ პროცესში და ყველამ, ვისაც სურვილი ექნება, გამოთქვას თავისი შენიშვნა და მოსაზრება.

კოდექსი უკვე დევს - ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, ასევე მთავრობის ვებ-გვერდზე, www.georgia.gov.ge -ზე. ყველას აქვს საშუალება შევიდეს ინტერნეტში, ნახოს ეს დოკუმენტი, წაიკითხოს და მოგვწეროს შენიშვნები.

ამ დოკუმენტს დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს 2-3 კვირის განმავლობაში უკვე შევძლებთ დოკუმენტის გაგზავნა პარლამენტში. ამაზე მუშაობა პარლამენტშიც გაგრძელდება, სანამ საბოლოო დოკუმენტი არ იქნება მიღებული პარლამენტში მესამე მოსმენით.

კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ყველას, მაქსიმალური ყურადღებით ჩაებას საგადასახადო კოდექსის ფორმირების პროცესში ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გავითვალისწინოთ თქვენი შენიშვნები და მოსაზრებები," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური