საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 24 აპრილის მთავრობის სხდომა

2010 წლის 24 აპრილის მთავრობის სხდომა 2010 წლის 24 აპრილს გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა. დღის წესრიგში 95 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე ყურადღება გაამახვილა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„საზოგადოებას და მთავრობის წევრებს ინფორმაცია მინდა მივაწოდო.
პირველ რიგში, შევეხები პირველი კვარტლის შედეგებს. პირველი კვარტლის ეკონომიკური აქტივობის შესახებ გარკვეული მონაცემები უკვე გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს მონაცემები საბოლოო არ არის.
მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვის მაჩვენებელი.ეკონომიკურ აქტივობასთან ყველაზე ახლო კორელაცია სწორედ ამ მაჩვენებელს აქვს. წლევანდელი იანვარი გასული წლის იანვართან რომ შევადაროთ, ზრდა 12%-იანი იყო, თებერვალი, გასული წლის თებერვალთან რომ შევადაროთ, ზრდა 17%-იანი იყო, მარტი-მარტთან რომ შევადაროთ, ზრდა ავიდა 23 %-ზე. ანუ, ეკონომიკური აქტივობის გაზრდის საკმაოდ კარგი ტემპი არის. პირველი კვარტლის საშუალო მონაცემი არის 17%-იანი ზრდა.

რაც შეეხება დღგ-ს და მთლიან შიდა პროდუქტს, როგორც მოგეხსენებათ, წლევანდელ ბიუჯეტში საწყისი ციფრი ჩადებული გვაქვს 2%-იანი ზრდა. სავარაუდოდ, 2010 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გაცილებით უფრო მაღალი იქნება. პირველი კვარტლის შედეგები რომ გავაანალიზეთ, 2010 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 3%-დან 5%-მდე იქნება. საქართველოს ეკონომიკისთვის ეს დადებითი და ძალიან კარგი მომენტია.

ზუსტ ციფრს მაისის ბოლოს გეტყვით, ეს პერიოდი სტატისტიკის დეპარტამენტს სჭირდება, რომ დაითვალოს და საბოლოო შედეგები შეაჯამოს.

კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, ეს არის ჭერემის წყალსაცავი. დიდი წვიმების გამო მოსახლეობას დიდი პრობლემა შეექმნა. ევაკუირებულია 600-მდე ოჯახი. ამჟამად იქ იმყოფებიან რეგიონალური განვითარების მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, გარემოს დაცვის მინისტრი. ისინი აკონტროლებენ სიტუაციას.

გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხესთან დაკავშირებით ინფორმაციას დამატებით (მოგვიანებით) მოგაწვდით."

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური