საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 6 აპრილის მთავრობის სხდომა

2010 წლის 6 აპრილის მთავრობის სხდომა 2010 წლის 6 აპრილს საქართველოს მთავრობის სხდომა ქ.ქუთაისში გაიმართა.

სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილა ყურადღება.
გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„ვაგრძელებთ გასვლითი სხდომების ტრადიციას და დღეს ვიმყოფებით ქუთაისში, საქართველოს მეორე დედაქალაქში. დღეს ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი გვექნება განსახილველი, რომელიც განსაკუთრებით დააინტერესებს საზოგადოებას: განათლების რეფორმების შემდეგი ეტაპი, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ პრეზიდენტი შემოგვიერთდება უახლოეს წუთებში და ის გააკეთებს მოხსენებას. მანამდე, მეორე საკითხზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. ეს არის იმერეთის რეგიონში მიმდინარე პროექტები, რა პრობლემები გვაქვს, რა გვაქვს გაკეთებული წელს, რას ვგეგმავთ და რას გავაკეთებთ იმერეთში. მინდა გითხრათ, რომ წელს ამ რეგიონში დაიხარჯება 180 მლნ ლარზე მეტი - ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ამ თანხის უდიდესი ნაწილი მოხმარდება დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობას. ეს იქნება გზა, რომელიც ზესტაფონს, ქუთაისს და სამტრედიას ერთმანეთთან შეაერთებს და იქნება დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობის ლოგიკური დამთავრება, რომელიც ჩვენ დავიწყეთ რამოდენიმე წლის წინ. ამ გზაზე დაიხარჯება 114 მლნ ლარი. აგრეთვე სხვა პროექტებიც, რომლებსაც რეგიონში ვახორციელებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაზე ჯამში 54 მლნ ლარი დაიხარჯება. ამითი დასრულდება პრობლემის გადაჭრის პირველი ეტაპი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პირველი ეტაპი. მეორე და მესამე ეტაპები შესასრულებელი იქნება 2011-2012 წწ.

თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებით გვქონდა შეხვედრა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც კერძო სექტორი ახორციელებს, არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ქუთაისში.
პროგრესთან დაკავშირებით ცოტა ჩამორჩება, თუმცა ის საქმე, რომელიც მათ აქვთ დავალებული, წინ მიდის. დღეს იქ 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და იღებს ხელფასს. წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, 1 აგვისტოდან იქ დაიწყება სრული კომპლექსის მშენებლობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ის პროდუქტები, რომლებსაც თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ამზადებენ, თავიდან ბოლომდე, ნულიდან აიწყობა ქუთაისში და ნახევარ-ფაბრიკატული აწყობის სისტემა, რომელიც დანერგილია - აღარ იქნება. შესაბამისად, 1000-ზე მეტი ადამიანი იქნება დასაქმებული უკვე პირველი აგვისტოდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეგიონისთვის. "

შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა პრეზიდენტის რწმუნებულს ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის რაიონებში, ლაშა მაქაცარიას რეგიონში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

„იმერეთის მთლიანი გზების რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 112 მლნ ლარი იხარჯება და იგება 259 კმ გზის საფარი, ასევე ხდება გაზიფიცირება. გაზიფიცირება მოიცავს მუნიციპალიტეტს, სადაც 16 ქუჩა და 27 სოფელი არის. იმერეთის მასშტაბით წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციისთვის მთლიანად 43 მლნ ლარია გამოყოფილი, 69 კმ წყლის სისტემის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. გარეგანათების მოწყობისთვის დაახლოებით 2,5 მლნ ლარია. უნდა მოწესრიგდეს 185 ქუჩა, 15 სოფელი და დამონტაჟდეს 4300 სანათი. გარდა ამისა, მოედნების, სკვერებისა და პარკების რეაბილიტაციისათვის განსაზღვრულია დაახლოებით 7 მლნ ლარი. რეგიონის თითქმის ყველა რაიონში მიმდინარეობს კულტურის სახლებისა და სახელმწიფო დაწესებულებების რეაბილიტაცია, რაზედაც ასევე 4 მლნ-ზე მეტი იხარჯება.

იმერეთის რეგიონის ყველა რაიონში აშენდა და გარემონტდა სახანძრო-სამაშველო სამსახურები. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს რეგიონში არის სოფლის პროგრამა. ამისთვის 7 მლნ ლარი არის გათვალისწინებული და სამუშაოები დაახლოებით 542 სოფელში მიმდინარეობს იმის მიხედვით, თუ რა სახის მოთხოვნა იყო სოფლის მოსახლეობის მხრიდან.

რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც სხვადასხვა რაიონებში მიმდინარეობს. დავიწყებ ტყიბულიდან. ტყიბულში კეთდება 13 მგვტ-იანი თბოელექტროსადგური, რომელიც წლის ბოლოსთვის დასრულდება. მასში 12 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. დასაქმებულია 100 ადამიანი და ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმება იგეგმება. ცოტა ხანში აღდგება ვარციხეში ამორტიზებული 23 მგვტ-იანი აგრეგატი, ამაზე დაიხარჯა 22 მლნ ლარი.

ბაღდათის სარწყავი სისტემა გარემონტდა, დაიხარჯა 2 მლნ 740 ათასი ლარი. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სოფლისმეურნეობისთვის გამოსადეგი მიწები მთლიანად იყოს მორწყული.
ასევე აღსანიშნავია სოფლისმეურნეობის ხელშეწყობის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ტრაქტორების გადმოცემას რეგიონში. ცენტრი სამტრედიაში იქნება, სადაც შემოყვანილია 19 ტრაქტორი და უახლოეს დღეებში ველოდებით ერთ ტრაქტორს და ორ კომბაინს. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც რეგიონში ტურისტების მოზიდვას ხელს შეუწყობს. აქ კერძო ინვესტიციები 10 მლნ-ზე მეტია დახარჯული. საუბარია ყუმისთავის მღვიმეზე, რომელიც ზაფხულში პირველ ტურისტებს მიიღებს.

რაც შეეხება ქუთაისს და კონკრეტულად ამ ქალაქში განსახორციელებელ პროექტებს, რომლებიც ყველაზე მასშტაბური და ყველაზე საჭიროა ამ ქალაქისთვის. ეს არის პარლამენტის მშენებლობა, რომელიც პოზიტიურად შეცვლის არა მარტო ქალაქის, არამედ მთლიანად რეგიონის ინფრასტრუქტურას. ასევე, მაისის ბოლოს არის გათვალისწინებული ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია, რომელიც დაჯდება 4 მლნ ლარი. ეს უმაღლესი დონის სტადიონი იქნება. სტადიონის გარშემო განვითარდება სპორტული კომპლექსი, ჩოგბურთის კორტები, რაზეც 800 ათასი ლარი დაიხარჯება...

ქუთაისში წლების განმავლობაში არ იყო საცურაო აუზი. ტრადიციის მქონე ქალაქისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე დაიხარჯება 1 მლნ 600 ათასი ლარი და გაკეთდება უმაღლესი დონის ნახევრადოლიმპიური საცურაო აუზი. ასევე აშენდება ტანვარჯიშის დარბაზი, რომელიც უკვე თითქმის დასრულებულია," - განაცხადა ლაშა მაქაცარიამ .

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური