საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 30 მარტის მთავრობის სხდომა

2010 წლის 30 მარტის მთავრობის სხდომა 2010 წლის 30 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 42 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა რამოდენიმე საკითხზე ყურადღება გაამახვილა.

გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის სიტყვას:

„საზოგადოების და მთავრობის წევრების ყურადღება ორ საკითხზე მინდა შევაჩერო. ორივე საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია იმ საკითხთა შორის, რომელიც დღეს მთავრობაზე განიხილება. ეს სოციალურად უზრუნველყოფის საკითხებია. პირველი ეხება უმწეოთა პროგრამას, ხოლო მეორე - უდედმამო ბავშვთა სახლებს.

ორივე საკითხს განვიხილავთ და დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე. უმწეოთა პროგრამაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ცვლილებები უკვე დანერგილია. ამჟამად ამ ცვლილებებს იურიდიულ ფორმებს ვანიჭებთ. როგორც მოგეხსენებათ, სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს აგენტები ყოველდღიურად დადიან და უმწეოთა აღწერას აწარმოებენ. აღწერისას გათვალისწინებული იყო მრავალი სხვადასხვა ფაქტორი, თუმცა პრობლემებიც გამოიკვეთა.

თუ აგენტი გაითვალისწინებს ისეთ ნივთებს, რომლებიც ამა თუ იმ ოჯახმა საჩუქრად მიიღო, მაშინ ეს ოჯახი უმწეოთა სიიდან ვარდებოდა. იწვევდა გარკვეულ პრობლემებს.

აგრეთვე, (აგენტებს) უნდა გაეთვალისწინებინათ ფარდების მდგომარეობა... ძალიან რთული იყო ქულების მინიჭება. ხშირ შემთხვევაში ეს ამა თუ იმ ოჯახის გარკვეულ ობიექტურ წყენას იწვევდა და ობიექტური სურათი არ ჩანდა.

9 თვის წინ მივიღეთ დაგაწყვეტილება, რომ პრაქტიკა შეგვეცვალა, ანუ ბოლო 9 თვის განმავლობაში აგენტები...საბოლოო ქულის დაწერის დროს არ ითვალისწინებდნენ ბოლომდე ამა თუ იმ საკითხს.

აღმოჩნდა, რომ ამ პირობების ცვლილების გამო ბაზა არც თუ ისე სერიოზულად იცვლება. 9 თვიანი პერიოდი დასრულებულია, ჩვენ უკვე ვნახეთ რეალურად რა არის ობიექტური ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ ამა თუ იმ ოჯახის უმწეობას. დღეს მთავრობაზე იურიდიულად გავასწორებთ იმ ფორმულას, რომელიც აქამდე არსებობდა. ფორმულაში გათვალისწინებული აღარ იქნება ის ობიექტები, საყოფაცხოვრებო საგნები, რომლებიც ამ ოჯახს იურიდიულ პირებმა აჩუქეს, გათვალისწინებული არ იქნება ფარდების მდგომარეობა და ტელევიზორი. გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ფუფუნების საგნები: ავტომობილი, პლაზმური ტელევიზორი და სხვა.
ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ იმ ფორმულას, რომელიც უმწეოთა მდგომარეობის ობიექტურ რეალობას ასახავს.

მეორე საკითხი, რომელზეც მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება არის უდედმამო ბავშვთა პრობლემა. ამ (უდედმამო ბავშვთა) სახლებში არის გარკვეული ფენა, რომელიც ვერ იღებს დახმარებას, რადგანაც არ ყავთ ის ადამიანი, რომელიც მზრუნველობას გაუწევდა (ბავშვს) და იურიდიულად ამ დახმარების მიმღები იქნებოდა.

გადავწყვიტეთ, რომ ასეთი ბავშვებისთვის ანგარიში გავხსნათ, რომელზეც მოხდება იმ დახმარების აკუმულაცია, რომელიც მათ იურიდიულად ეკუთვნის. ბავშვს, რომელიც უდედმამო ბავშვთა სახლში ცხოვრობს, 18 წლის რომ გახდება, გარკვეული თანხით (ხელში) ამ სახლის დატოვების საშუალება მიეცემა. (ეს თანხა) მას ანგარიშზე დაუგროვდება გარკვეული წლების განმვლობაში. 400-მდე ბავშვი აქამდე ვერანაირ დახმარებას ვერ ღებულობდა, ვინაიდან არ იყო განსაზღვრული მისი იურიდიული სტატუსი.

ამითი გარკვეულ პრობლემას გადავწყვეტთ. ზოგიერთ მათგანს, რომლებიც უსახსრობის გამო ისევ უდედმამო ბავშვთა სახლებში რჩებოდნენ, გარკვეული საწყისი კაპიტალი ექნებათ, რომელიც დაგროვდება მათ პირად საბანკო ანგარიშებზე. "

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური