საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 24 მარტის მთავრობის სხდომა

2010 წლის 24 მარტის მთავრობის სხდომა 2010 წლის 24 მარტს საქართველოს მთავრობის სხდომა ქ. ფოთში გაიმართა. დღის წესრიგში 26 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერა, სადაც მშენებლობას კომპანია "რაკიინ ჯორჯია" აწარმოებს. ტერმინალის მშენებლობა მაისში უნდა დასრულდეს.

„მოსამზადებელი სამუშაოები სრულდება. როგორც „რაკიინ ჯორჯია"-ს წარმომადგენლები გვპირდებიან, მაისის ბოლოს უკვე იქნება ჩამოყალიბებული ინდუსტრიული ზონა, სადაც სხვადასხვა კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ ააშენონ თავიანთი საწარმოები. კარგი ის არის, რომ უკვე 22 ხელშეკრულებაა გაფორმებული, ანუ 22 ლიცენზიაა გაცემული სხვადასხვა კომპანიებზე, რომლებიც ჩამოვლენ და შექმნიან ახალ საწარმოებს, ახალ სამუშაო ადგილებს. ასევე კარგია ის, რომ ხსენებული კომპანიები სხვადასხვა ქვეყნებიდან არიან და დივერსიფიცირებულია, ნაწილი ირანიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, სამხრეთ კორეიდან. ასევე კომპანია "LG", რომელიც ტელევიზორების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ცნობილი მწარმოებელია, მან გააფორმა ხელშეკრულება თავისუფალ ინდისტრიულ ზონასთნ და მისი ერთ-ერთი კომპანია აქ თავის საწარმოს ააშენებს," - განაცხადა ნიკა გილაურმა ფოთის პორტის დათვალიერების შემდეგ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური  ფოთის თავისუფალ ინდუსტრიული ზონაში
ქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე იმ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც წელს ქ.ფოთში მიმდინარეობს და ქალაქის წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემების გადაჭრის საკითხი მინისტრებთან ერთად განიხილა.

„დღვანდელი მთავრობის სხდომის მთავარი თემა ფოთის განვითარება და ის პრობლემატიკა იქნება, რომელიც ამ ქალაქის მოსახლეობას აწუხებს.

მინდა გითხრათ, რომ რამოდენიმე წუთის წინ მთავრობის წევრებმა და მე ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოვინახულეთ. იქ მიმდინარეობს ზონის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პირველი ეტაპი, სავარაუდოდ, (2010) წლის მაისში დასრულდება. ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულია 100-მდე ადამიანი... კარგი არის ის, რომ ახალ კომპანიებს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქმიანობის დაწყებაზე ლიცენზიები უკვე აღებული აქვთ, ისინი ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ააშენებენ თავიანთ საწარმოებს, ქარხნებს და შექმნიან სამუშაო ადგილებს. ვგულისხმობთ რამოდენიმე ათას სამუშაო ადგილს...

იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სრულად ამუშავდება.

გარდა ამისა, წელს ფოთში რამოდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, საუბარია გზის მშენებლობაზე, წყალთან და კანალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომლებიც მოსაგვარებელია...

კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. როგორც ვიცით, ხელშეკრულება უკვე დადებულია.

ადგილობრივი გზები მოსახლეობას აწუხებს, ეს სწორედ ის არის, რაც ადამიანს თვალში პირველი მოგხვდება," - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

ფოთში გამართულ მთავრობის სხდომის დაწყებისთანავე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა, მინისტრებს და საზოგადოებას „ფოთის წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ" პრეზენტაცია წარუდგინა.

 

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური