საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 9 თებერვლის მთავრობის სხდომა

2010 წლის 9 თებერვლის მთავრობის სხდომა 2010 წლის 9 თებერვალს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 36 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განათლების რეფორმის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღერა განათლების სისტემის მთავარი მიმართულებები და მოსალოდნელი სიახლეები.

ქვემოთ გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის შესავალ სიტყვას მთავრობის სხდომაზე:

„ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი წელს - ჯანდაცვა და განათლების სფერო. ძალიან ჯანსაღი სიახლეები აქვს წარმოდგენილი თავად მინისტრს, ჩვენ ერთად გავიარეთ ვადები, რაშიც უნდა შესრულდეს ეს რეფორმები."

ნიკა გილაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს განათლების რეფორმის მთავარი მიმართულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.

„განათლების სისტემის მთავარი რეფორმა არის ის, რომ ბავშვმა უნდა იაროს სკოლაში და მიიღოს ის განათლება, რომელსაც ზოგადი განათლება ჰქვია. ეს არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომ სკოლაში მასწავლებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ასწავლოს და ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ისწავლოს. მთლიანად რეფორმა, რომელიც გაწერილია 2010-2011 წლებზე ამას ისახავს მიზნად. 2011 წლის ივნისში ატესტატის მისაღებად ბავშვებს მოუწევთ მინიმალური კომპეტენციის ჩაბარება. ჩვენ გვესმის, რომ ამ წუთისათვის ჩვენ არ გვაქვს ისეთი ზოგადი განათლების სისტემა როგორიც უნდა იყოს და შეესაბამებოდეს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ კომპეტენცია იქნება დაბალი, ჩვენ გვირჩევნია დავიწყოთ მინიმალური კომპეტენციით და შემდგომში გავზარდოთ," - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი და პირველი წელი აუცილებლად მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს, რათა მეთერთმეტე კლასელებმა 10 გამოცდა წარმატებით ჩააბარონ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლების სერტიფიცირება. მათი კომპეტენციის ასამაღლებლად, ივნისში ჩატარდება მასწავლებლების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პირველი ეტაპი. ხოლო სერტიფიცირებულ მასწავლებლებს მომავალში ხელფასები გაეზრდებათ.

ამასთან დაკავშირებით საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებლად 160 ლარიან ვაუჩერს აძლევს. მასწავლებლებს გადამზადების პროგრამის ხარჯებს სახელმწიფო თავად გაიღებს.

დიმიტრი შაშკინმა აგრეთვე განაცხადა, რომ გაუქმდება უმაღლესი სასწავლებლების ლიცენზირების პრინციპი, რომელიც ბიუროკრატიული ბერკეტი იყო და ხელს უშლიდა სისტემის განვითარებას იმ კუთხით, რომ ყველაფერი დაყვანილი იყო კვადრატული მეტრების და კომპიუტერების რაოდენობის აღრიცხვაზე. ლიცენზიის არმქონე 200 სასწავლებელს, სტუდენტების უფლებების დაცვის მიზნით, ავტორიზაციის გავლის შანსი ეძლევა. მოხდება ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომების აღიარება.

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ სიახლეებზე ყურადღების გამახვილება სთხოვა.

დიმიტრი შაშკინის განმარტებით, სახელმძღვანელოებზე ფასები არ გაიზრდება, პირიქით მოსალოდნელია ფასის შემცირება. მომავალი წლიდან, ყველა ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, სახელმძღვანელოებს სახელმწიფო უყიდის. მომავალი წლის ბიუჯეტში ამის თანხა ჩადებულია. არსებული რესურსების გადანაწილების ეს ძალიან სამართლიანი პრინციპია. აგრეთვე, სკოლის მიერ არჩეული სახელმძღვანელოებით სწავლება 5 წლის მანძილზე იქნება შესაძლებელი.

ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ცვლილებები იგეგმება პროფსასწავლებლების მიმართულებითაც და ამ სიახლეების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

 

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური