საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2010 წლის სხდომები

2010 წლის 2 თებერვლის მთავრობის სხდომა

2010 წლის 2 თებერვლის მთავრობის სხდომა 2010 წლის 2 თებერვალს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგში 33 საკითხი იყო შეტანილი. დღის წესრიგი.

სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გასული წლის მეოთხე კვარტლის და ამა წლის იანვრის წინასწარ შედეგებზე ისაუბრა.

ქვემოთ გთავაზობთ პრემიერ-მინისტრის შესავალ სიტყვას მთავრობის სხდომაზე:

„(მთლიანი) შიდა პროდუქტის ციფრები დაზუსტებით ცნობილი იქნება მარტში. თუმცა, მანამდე შემიძლია მიახლოებითი ციფრები მოგაწოდოთ:
მთავარი კორელაცია დღგ-ს ბრუნვასთან არის დაკავშირებული, მეოთხე კვარტალში დღგ-ს ბრუნვა პოზიტიური იყო. გასულ წელთან შედარებით გვქონდა + 1, 5 % ზრდა. რაც შეეხება იანვარს, აქაც პირველი ციფრები საგადასახადო და ეკონომიკურ აქტივობასთან არის დაკავშირებული. ჯამში, საგადასახადო შემოსავლების კუთხით 2009 წლის იანვრიდან 2010 წლის იანვრამდე გაზრდილია 5%-ით. განსაკუთრებით დღგ-ს მიმართულებაა აღსანიშნავი, რადგანაც სწორედ დღგ ამოკვეთავს ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებით კორელაციას. დღგ-სთან დაკავშირებით ზრდა 12%-ია. 2010 წლის იანვარში დღგ-ს კუთხიდან დანახული ეკონომიკური აქტივობა 12%-ზე უფრო მაღალია.

გარდა ამისა, უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემები გვაქვს. გასული წლის იანვართან შედარებით რეგისტრაცია 32 %-ით გაზრდილია. აგრეთვე, მკვეთრად არის გაზრდილი მშენებლობის ნებართვების რაოდენობა, შეიძლება ვთქვათ, გაორმაგებულია.

საქართველოს ეკონომიკაში მაკროეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიური სვლები ნათლად ჩანს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოთხე კვარტალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართებაში პოზიტიური იყო და შესაბამისად, კრიზისი მეოთხე კვარტალში დასრულდა. საქართველოსა და მთელს რეგიონში ეკონომიკური აქტივობის აჩქარებას ვხედავთ. იმედია, რომ ის რეფორმები, რომლებსაც ჩვენ წელს გავატარებთ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას. ხოლო ის გეგმა, რომელიც ჩვენ დასახული გვაქვს, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მინიმუმ + 2%-ი იქნება,".

პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური